მიხეილ სააკაშვილი: მე არ ვარ კორუმპირებული
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის თაობაზე წაყენებულ ბრალდებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ის არ არის კორუმპირებული, არც მისი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა და დადის მეტროთი. როგორც მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ეთერში განაცხადა, თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება, რეალურად იხარჯებოდა სტუმრების მიღებაზე, სასახლის ფუნქციონირებაზე, ტურიზმის რეკლამირებასა და არაღიარების პოლიტიკაზე.
“ლაპარაკი იყო იმაზე პერუში რატომ წავიდაო. გგონიათ მე მეხალისებოდა პერუში წასვლა? პერუში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელმაც კონგრესში განაცხადა, რომ უნდა აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. პერუს მხრიდან აღიარება ჩვენზე იქნებოდა მძიმე დარტყმა. ჩავედი პერუში რამდენიმე გადაჯდომით. შემდეგ დამპატიჟეს კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც იყვნენ პერუს დეპუტატები, ჟურნალისტები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. რატომ უნდა გვეთქვა უარი? ისიც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინოებმა, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც იყო რისკი აღიარების, ჩვენ გადავეცით ფასიანი საჩუქრები. და, რომ არ გადაგვეცა, რა მოხდებოდა, ვხვდებით საერთოდ? მე არ მაქვს კორუმპირებული შემოსავლები. ივანიშვილს თვითონ აქვს მოყოლილი, რომ 100 მილიონი შევთავაზეო და უარი მითხრა, ნახეთ როგორი კორუმპირებულიაო. მე არ ვარ კორუმპირებული. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობისას. მე არაფერი მომმატებია, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ”, – განაცხადა სააკაშვილმა.