პრემიერი – ოპოზიციას: განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კარი გავუღოთ ოპონენტებს, მედიას, არასამთავრობოებს, ვინც რეალურად დაინტერესებულია, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი; პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში – საბოტაჟი და დესტრუქცია

ახლა ყველამ ერთად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, თუ რა პოზიცია უკავიათ ამ ადამიანებს და არიან თუ არა ჩართულები და რამე წვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმეტესობა არც კი მონაწილეობს სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში და მათი მხრიდან საბოტაჟი და დესტრუქცია არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.

„მე მინდა, ყველას გავაცნო გვარები და სახელები, თუ ვინ მომმართა კითხვებით. ეს იყო ბატონი გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე, თამარ კორძაია, როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე. ჩვენ ამ ადამიანებს რომ მოვუსმინოთ და მათი წერილის შინაარსს რომ გავეცნოთ, გვექნება განცდა, თითქოს ისინი მართლაც არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამ დროს მოდით ახლა ყველამ ერთად შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, თუ რა პოზიცია უკავიათ ამ ადამიანებს და არიან თუ არა ჩართულები და რამე წვლილი თუ შეაქვთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულება. ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც ბევრს ხმაურობს, სამუშაო ჯგუფის სხდომას არ ესწრებოდა, იგი არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფის სხდომებში. მანამდე მე მინდა გითხრათ ყველას, რომ ძალიან უცნაურია, მე მესმის კი ბატონო ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მომმართოთ მე, მაგრამ მთელი პროცესი არის გადმოტანილი პარლამენტში. მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და ეს მართლაც იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ამის შემდეგ პარლამენტის უმრავლესობა, ჩვენი გუნდის ლიდერები, წევრები, გამოვიდნენ ინიციატივით, წარადგინეს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა ვადებში ვასრულებთ 12 რეკომენდაციას. თითოეულ რეკომენდაციაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ჩვენ, ყველამ ერთად – მათ შორის, მეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ კარი გავუღოთ ჩვენს ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც რეალურად დაინტერესებულია იმით, რომ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. პასუხად მივიღეთ იგივე, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი 10 წლის განმავლობაში – საბოტაჟი და დესტრუქცია, პროვოკაციები, რაც რა თქმა უნდა, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,”- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა – პოლარიზაცია.
„ახლა გავაგრძელებ – პაატა მანჯგალაძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა, თეონა აქუბარდია რამდენიმე სხდომას ესწრებოდა, მაგრამ სამუშაო ჯგუფის წევრი არ იყო, ხათუნა სამნიძე რამდენიმე სხდომას ესწრებოდა, ბატონი ტარიელ ნაკაიძე სამუშაო ჯგუფის სხდომებს არ ესწრებოდა, მაგრამ სახალხო დამცველის კანდიდატების განხილვებში იყო ჩართული.
თამარ კორძაია სამუშაო ჯგუფის სხდომებს ესწრებოდა და როსტომ ჩხეიძე არ ესწრებოდა. ნატო ჩხეიძე ესწრებოდა კომიტეტში არსებულ სამუშაო ჯგუფს. ამით რამ მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასო კოლეგებო, რაც მე დასაწყისში ვთქვი, ესაა ნამდვილი ფარისევლობა. კითხვის მთავარი ავტორი ბატონი ვაშაძე არ არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაძლიოს მთავარი გამოწვევა, როგორიცაა – პოლარიზაცია. საპირისპიროდ, გამოვიდა ყველამ მოისმინეთ როგორი რიტორიკით წარდგა თქვენს წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე და შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას, პარლამენტს, დეპუტატებს, თავის კოლეგებს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები