ბექა დავითულიანი: უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ არის პოლიტიკურად მიკერძოებული პოლიტიკური ჯგუფი
უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ არის პოლიტიკურად მიკერძოებული პოლიტიკური ჯგუფი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის EPP-ის მიერ მომზადებულ პროექტს გამოეხმაურა.
„უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ არის პოლიტიკურად მიკერძოებული პოლიტიკური ჯგუფი, რომლის პარტნიორიც საქართველოში არის „ნაციონალური მოძრაობა“, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, რომელიც პასუხისმგებელია გაფართოებაზე ჩვენ მოგვცა 12 რეკომენდაცია, მათ შორის არის დეოლიგარქიზაცია, რაზეც კანონი მივიღეთ და ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა და თუ ვინმეს სანქცია უნდა დაუწესდეს, უკრაინული კანონის ანალოგი განსაზღვრავს, ვინ არის ეს და ამას ვერ განსაზღვრავს ვერც EPP, ვერც მე და ვერც თქვენ,” – განაცხადა დავითულიანმა.
ცნობისთვის, “ევროპის სახალხო პარტიამ” რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც საქართველოს მთავრობას მიმართავს. EPP ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს და სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი, ასევე, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და ქვეყანა დააბრუნოს ევროპულ გზაზე. პარტია რეზოლუციის ტექსტით მოუწოდებს ევროკავშირს და დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესონ პირადი სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
რეზოლუციას “ევროპის სახალხო პარტია” კენჭს ლისაბონში დღის მეორე ნახევარში უყრის.