ეკა ზღულაძე: აგრესიულად ვმოქმედებდით – ვაპატიმრებდით საჯაროდ, კამერების წინაშე

   ჩვენ რეფორმების გატარების პირველ წელიწადს ძალიან აგრესიულად ვმოქმედებდით, – აღნიშნულ განცხადებას ყოფილი შსს-მინისტრი ეკა ზღულაძე რუსულ მედიასთან ინტერვიუში აკეთებს. “კვირა“ გთავაზობთ ამონარიდს ექსმინისტრის ინტერვიუდან:
– როგორი იყო თქვენი როლი სამინისტროს რეფორმირებაში?
– სამინისტორში მე პასუხისმგებელი ვიყავი რეფორმებისა და ახალი იდეების გატარებაში. შეიძლება დღეს ეს რთული ასახსნელია, მაგრამ რეფორმები საქართველოში მიდიოდა ქაოსურად, ჩვენ არ გვქონდა სტრატეგია, არ იყო მოქმედების გეგმა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, არ გვქონდა დრო.
ჩვენ არ გვინდოდა კორუმპირებული დაჯგუფებებისთვის მიგვეცა დრო და ჩვენს წინააღმდეგ განგვეწყო ისინი. ჩვენ გვესმოდა, რომ დაპირისპირება მოხდებოდა.
– შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მაგალითი?
– ჩვენი რეფორმების დასაწყისში, ანუ პირველ წელს, ძალიან აგრესიულად ვმოქმედებდით – ვაპატიმრებდით, ვაპატიმრებდით და კვლავ ვაპატიმრებდით. ამას საჯაროდ ვაკეთებდით, ტელეკამერების წინაშე, ეს დამამცირებელი იყო ყველასთვის, რაც ერთგვარ მესიჯსაც ნიშნავდა:
ა) ციხეში ვსვამთ იმათ, ვინც ქრთამს იღებდა და
ბ) იმათაც, ვინც აძლევდა ქრთამს…
ჩვენ დავაპატიმრეთ რამდენიმე დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ჩვენივე მთავრობის წევრები – გუბერნატორები, პოლიციელები და პროკურორებიც კი.
ამგვარი მოქმედების მიზანი იყო, რომ საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა – კანონის უზენაესობა, და რომ მის წინაშე ყველა თანაბარია. ამით დაიწყო მოსახლეობის ნდობის ზრდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ჩვენ განვმარტეთ, ავხსენით ტერმინი: „კორუფცია”, თორემ ქართველების ცნობიერებაში ამ სიტყვის მნიშვნელობას ზუსტი დატვირთვა არ ჰქონდა. ჩვენთან ყველა ქრთამს აძლევდა და იღებდა – დიპლომებზე, ცნობებზე, მძღოლის მოწმობაზე. მათი პასუხი ერთმნიშვნელოვანი იყო, არავინ თავს დამნაშავედ არ თვლიდა, სისტემაა ასეთი, მე მსხვერპლი ვარო”, – აცხადებს ზღულაძე რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები