ლაშა ხუციშვილი: პანდემიის პერიოდში შევძელით კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება, რამაც საშუალება მოგვცა, არ გაგვეჩერებინა ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი კაპიტალური პროექტები

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვისას შენარჩუნებულია კონსერვატიული მიდგომა. მისი თქმით, 2023 წელს პროგნოზირებულია 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში – 5,2-პროცენტიანი.

„2022 წელს ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე ვუბრუნდებით პანდემიამდელ ნიშნულს, ანუ რეალური შემოსავლების იმ დონეს, რომელიც ეკონომიკას ექნებოდა პანდემიის არარსებობის შემთხვევაში. პროგნოზირების პროცესში ჩვენ გაანალიზებული გვაქვს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: რეგიონული რისკები, გლობალური სავაჭრო ბრუნვის შემცირება, ინფლაციის გამო მსოფლიო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შესაბამისად, შესაძლო რეცესია და სხვა. თუმცა, ამავდროულად, დამატებითი რესურსი გვაქვს ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბიუჯეტის დაგეგმვისას, ვინარჩუნებთ კონსერვატიულ მიდგომას, როგორც ეს გვქონდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, 2023 წელს დეფიციტი დაგეგმილია 2,8 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდეგ 2,3-2,2 პროცენტის დონეზე, რაც უზრუნველყოფს ვალის დაღმავალ დინამიკას.

„საშუალოვადიანი პროგნოზით, ვალი გააგრძელებს კლებას და შენარჩუნდება უსაფრთხო დონის ქვემოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას მაღალეფექტური კაპიტალური ინვესტიციებით. 2022 წელს, აღდგა მთავრობის დანაზოგების დონე მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტალური ხარჯების ნახევარზე მეტს საკუთარი სახსრებიდან ვაფინანსებთ, ხოლო დეფიციტი ხმარდება დანარჩენი კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას. დადებითი ფისკალური დანაზოგები ფისკალური მდგრადობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენ ვრჩებით ერთგული პრინციპისა, რომ არ ვისესხოთ მიმდინარე ხარჯებისთვის და ჩვენი სახსრებით დავაფინანსოთ სახელმწიფო ინვესტიციების უდიდესი ნაწილი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები