პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო – 6.

აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა არმაზ ახვლედიანმა, ლევან ბეჟაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა, შალვა შავგულიძემ და იაგო ხვიჩიამ მისცეს. ამასთან, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 34 დეპუტატი.

კანონპროექტში გაწერილია რა იგულისხმება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმებად და მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენად.

ამავე კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა ცვლილების თანახმად, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებელი მთავრობა იქნება.

ამასთან, კანონპროექტით, ასევე, წესრიგდება შემდეგი საკითხები: პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები და ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვის საკითხი.

პროექტით, კანონის ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის 1-ელი ივნისი, ხოლო კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდება 2033 წლის 1-ელი ივნისიდან.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ  განსაზღვრული 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში და მისი ინიციატორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები