გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც გახსნილი ჰქონდა ავტო იმპორტის კომპანია, თითქოსდა საზღვარგარეთ აუქციონებზე ავტომანქანების შეძენის და ჩამოყვანის მიზნით 6 მოქალაქეს მოტყუებით პირად ანგარიშზე თანხები ჩაარიცხინა, რეალურად კი ავტომანქანების ყიდვა და ჩამოყვანა არ განახორციელა.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა დაზარალებულების კუთვნილი 106 788 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) (თაღლითობა ჩადელი დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.