ირაკლი ზარქუა: მმართველი პარტია 12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ასრულებს, თუ განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა, ეს იქნება რადიკალური ოპოზიციის სინდისზე
მმართველი პარტია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ზედმიწევნით ახდენს. თუ განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა, ეს იქნება პირდაპირ ამ რადიკალების, რადიკალური ოპოზიციის სინდისზე, ეს იქნება დამსახურება იმ ფასიანი ლობისტების, კუბილიუსების და ფოტიგების, რომლებიც მათ ჰყავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუა საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი მესიჯები გაჟღერდა.
„გუშინ თქვენ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ევროკომისრის, რომელიც საქართველოში იყო და ის მესიჯები, რომლებიც გაჟღერდა. ჩემი აზრით, აქ ყველაფერი ნათელია, ერისთვის და ბერისთვის. მმართველი პარტია ვამბობდით, რომ მთელ რიგ საკითხებში წინ ვართ წასული, მათ შორისაა სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკური ზრდა, ასევე მოწინავე პოზიციებზე ვართ სხვადასხვა რეიტინგებში და ამას რადიკალური ოპოზიცია არ იზიარებდა, რადგან მათი ინტერესი სრულიად სხვა იყო. გუშინ ევროკომისარმა ამას წერტილი დაასვა, რადგან თქვა, რომ დიახ, მე საქართველოში ვარ და იგრძნობა განვითარება, ოპოზიციას მოუწოდა, რომ საბოტაჟს შეეშვას და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში შეეხიდოს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ეს მათ შორის რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის ნათელი და ყველაფერზე ყოვლისმომცველი მესიჯი იყო. არ დარჩა კითხვის ნიშნები! ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის სანუკვარი ოცნებაა, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო დაწინაურდეს და კიდევ ერთხელ ვამბობ, მმართველი პარტია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ზედმიწევნით ახდენს. თუ განსხვავებული შედეგი დაფიქსირდა, ეს იქნება პირდაპირ ამ რადიკალების, რადიკალური ოპოზიციის სინდისზე, ეს იქნება დამსახურება იმ ფასიანი ლობისტების, კუბილიუსების და ფოტიგების, რომლებიც მათ ჰყავთ. ამას ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ბატონი ევროკომისარი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი და არც ჩვენი მხარდამჭერი. ის საკმაოდ კრიტიკული იყო სხვადასხვა პერიოდში, თუმცა როცა არის განვითარება, წინსვლა, რეფორმის შედეგი, ამას ევროპა ობიექტურად აღიარებს, არა პოლიტიკურად ანგაჟირებული, როგორებიც არიან ევროპარლამენტარის ეს ჯგუფები, ვინც ჩამოვთვალეთ, არამედ ევროკომისარი,“ – განაცხადა ზარქუამ.