PSP-ს დირექტორი ჯანდაცვის მინისტრის შენიშვნას პასუხობს
კომპანია „პე-ეს-პეს” აღმასრულებელი დირექტორი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და ჟურნალისტებთან „სმს“ შეტყობინებებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
„თადარიგის დაჭერის მოწოდებით, ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდეთ არა მედიკამენტების მომარაგებისაკენ, არამედ ექიმთან ვიზიტისკენ“, – ამ სიტყვებით ხსნის “პე-ეს-პეს” სააფთიაქო ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ვაჟა ოქრიაშვილი 1 სექტემბრიდან სარეცეპტო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ მოსახლეობისათვის გაგზავნილი SMS-შეტყობინების მიზანს. კომპანია SMS-გზავნილში ადრესატებს აფრთხილებს, რომ 1 სექტემბრიდან წამლების რეცეპტის გარეშე გაცემა იკრძალება და მოუწოდებს, დაიჭირონ თადარიგი. აღნიშნულის შესახებ კომპანიისგან მოქალაქეებმა სმს შეტყობინებები მიიღეს. “საქართველოს კანონმდებლობით, 1 სექტემბრიდან იკრძალება წამლის რეცეპტის გარეშე გაცემა. დაიჭირეთ თადარიგი. ისარგებლეთ PSP-ს ფასდაკლების დღეებით”, – აცხადებენ PSP-ში. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან გაგზავნილ ამ შინაარსის შეტყობინებებს დღეს კრიტიკით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. როგორც მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიების, კლინიკებისა და პოლიკლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, იყო SMS-ები, რომელიც პარტნიორულ ხასიათს ატარებდა, რადგან მოსახლეობის გაფრთხილებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა იყო მარაგის შექმნასთან დაკავშირებული მოწოდებები, რაც, სერგეენკოს თქმით, “არის მავნებლური დამოკიდებულება მოქალაქეების ნერვებსა და სიმშვიდეზე”.
“ჩვენ მიერ გაგზავნილ მესიჯში არ არის მოწოდება იმისა, რომ წამლები მოიმარაგონ, არამედ არის ის, რომ გაითვალისწინონ, რომ მათ პირველი სექტემბრიდან აუცილებლად სჭირდებათ ექიმთან ვიზიტი – თადარიგის დაჭერაში ეს იგულისხმება. ჩვენ მოვახდენთ მოსახლეობის სრულ ინფორმირებას, რომ 1 სექტემბერს ნებისმიერი ადამიანი აფთიაქში არ დადგეს იმ ფაქტის წინაშე, რომ ის წამალს ვერ შეიძენს. დღეს ამ პროექტში ყველაზე დიდი საფრთხე არაინფორმირებულობაა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა ოქრიაშვილმა.