დავით მათიკაშვილი: არსებობს ალბათობა იმისა, რომ, ქართული ჯარის ძარცვით მიღებულ თანხებთან ერთად, ოლიგარქი კეზერაშვილი შესაძლოა, გერმანელი და სხვა ევროპელი პენსიონერების გაძარცვით ნაშოვნი მილიონებით აფინანსებდეს რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, პირველ ყოვლისა, „ნაციონალურ მოძრაობას”

„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 8 ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საქართველოში წარმოებულმა გამოძიებამ და მის ფარგლებში მიმდინარე საპროცესო მოქმედებებმა, სადაც 300 ქართველი და 60 გერმანელი სამართალდამცავი მონაწილეობდა, ევროჯასთის კოორდინაციის ქვეშ, საერთაშორისო თაღლითური სქემა გახსნილად გამოაცხადა – პარტნიორი ქვეყნების პროკურორებმა ე.წ. „ქოლცენტრების” საქმეზე ფარდა ახადეს საერთაშორისო აფიორას, რომლის შედეგად მხოლოდ გერმანიაში ათიათასობით პენსიონერმა დაუჯერა აფერისტებს და საკუთარი დანაზოგი გადარიცხა არარსებული შემოსავლის ან პროდუქტის მისაღებად”, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორის და მის ოჯახთან დაახლოებული პირის კუთვნილ ქონებაში, თბილისის პრესტიჟულ უბნებში გახსნილი ე.წ. ქოლცენტრებში რეალიზდებოდა დანაშაულებრივი განზრახვა და იძარცვებოდნენ გერმანელი და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქე პენსიონერები.

„გამოძიება ჯერ არ დასრულებულა თუმცა, როგორც უკვე ღიად აცხადებენ 21 ქვეყნის საერთაშორისო ჟურნალისტები, შესაძლოა კვალი, ოლიგარქ კეზერაშვილამდე მიდიოდეს. ეს ის დავით კეზერაშვილია, რომელმაც მცირე ხნის წინ წერილი გამოაქვეყნა და საჯაროდ აღიარა საკუთარი ოლიგარქობა, კერძოდ, ის, რომ იგი ფლობს „ნაციონალური მოძრაობისა” და მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალების დაფინანსებისათვის საკმარისზე მეტ თანხებს, აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას” და მის რუპორ მედია საშუალებას. აქვე აღსანიშნავია, რომ დავით კეზერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია უწოდებს ოლიგარქს (ვციტირებ მოოლიგარქო პირს)”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დავით კეზერაშვილის 2005 წლის დეკლარაციაში წერია, რომ მისი მატერიალური შესაძლებლობები ძირითადად, ოჯახის წევრების მიერ ნაჩუქარი ქონებით შემოიფარგლებოდა. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უდიდესი ტრაგედიის ფონზე რომელსაც უამრავი მსხვერპლი, ნგრევა და ქვეყნის ტერიტორიის 20 % ის ოკუპაცია გამოიწვია, თავდაცვის მინისტრობიდან გადამდგარი კეზერაშვილი მყისიერად ხდება მრავალმილიონიანი აქტივის მქონე კომპანიის მეწილე. მანამდე კი დაუნდობლად იძარცვება ქართული ჯარი. მოგვიანებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით კეზერაშვილს უდასტურდება ქართული ჯარის ძარცვის ფაქტი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებით, ნათელი ხდება თუ რატომ ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა” და პროპაგანდისტული მედია ე.წ. „ქოლცენტრების” საქმეზე საზოგადოებისთვის თავგზის აბნევას.

„იქნებ იმიტომ, რომ არსებობს შესაბამისი ალბათობა იმისა, რომ ქართული ჯარის ძარცვით მიღებულ თანხებთან ერთად, ოლიგარქი კეზერაშვილი შესაძლოა გერმანელი და სხვა ევროპელი მოქალაქეების მათ შორის, პენსიონერების გაძარცვით ნაშოვნი მილიონებით აფინანსებდეს რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებებს მათ შორის, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას” და მის პროპაგანდისტურ მედიას. ამ უმძიმესი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, საინტერესოა რა პასუხი უნდა გასცენ გაძარცულ ევროპელ პენსიონერებს და ქოლცენტრის აფერისტობით დაზარალებულ სხვა ასი ათასობით ევროპელ მოქალაქეებს, ევროპარლამენტარების იმ ნაწილმა, რომელმაც ოლიგარქ კეზერაშვილს დევნილი მედია მენეჯერი უწოდა, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენაში მხილებულ სააკაშვილს – პოლიტპატიმარი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები