უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა, სადაც უკრაინელ სამხედროებს შეხვდა, რომლებიც ქალაქს რუსი ოკუპანტისგან ათავისუფლებდნენ.
“წინ მივიწევთ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ შეერთებული შტატებიდან HIMARS-ის მიღებას კიევისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ხერსონის მთავარ მოედანზე ადგილობრივები ბავშვებთან ერთად შეიკრიბნენ, ბავშვებთან ერთად მშობლებიც უკრაინის დროშებს აფრიალებდნენ.
„ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციაში ყველაფერი ჩანს, მათი რეაქცია არ არის დადგმული“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, თუ რა მიმართულებით გააგრძელებენ უკრაინელი სამხედროები წინსვლას, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა: „არა მოსკოვის მიმართულებით… სხვა ქვეყნის ტერიტორიები არ გვაინტერესებს”.