ლევან იოსელიანი: ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანების გამოყენება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც არჩევნების დღეს გამჭვირვალეს გახდის და მასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს მინიმუმამდე დაიყვანს

ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანების გამოყენება ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც არჩევნების დღეს გამჭვირვალეს გახდის და მასთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს მინიმუმამდე დაიყვანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით იმყოფება.

,,რამდენიმე დღეა ვიმყოფები ამერიკაში, კალიფორნიაში და ვაკვირდები არჩევნებს და ჩემი ინტერესის მთავარი საგანი არის ის ტექნოლოგიები, რომელიც გამოიყენება აქ არჩევნების მიმდინარეობისას. საუბარია ელექტრონულ ხმის მთვლელ მანქანებზე, რომელიც საქართველოში უნდა დავნერგოთ და მომავალი არჩევნები სწორედ ამ მოწყობილობების მეშვეობით უნდა ჩატარდეს. თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ პარლამენტში შევედით, ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება ,,ქართულ ოცნებასთან” და მივიღეთ მათგან პირობა, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ შემდგომი არჩევნები ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე, უფრო დემოკრატიული და გამოყენებული ყოფილიყო თანამედროვე ტექნოლოგიები. მე ჩართული ვიყავი ყველა პროცესში, რომელიც არჩევნებთან იყო დაკავშირებული, ჩართული ვიყავი სამუშაო ჯგუფში. ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, როდესაც უკვე კანონპროექტში არის ასახული, რომ საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტი მომავალ არჩევნებზე უკვე ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით მისცემს ხმას, და შუალედური არჩევნები რაც ჩატარდება, ისიც ჩატარდება უკვე სრულად ელექტრონულად. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების დღის მოწესრიგებასთან. გასაგებია, რომ პრობლემები დარჩება წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩვენი ისტორიის ერთი ფურცელი მაინც უნდა გადავშალოთ.

ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანების გამოყენება არჩევნების დღესთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს მინიმუმამდე დაიყვანს. ამერიკაში არჩევნები უკვე ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. არჩევნების პროცესის მიმართ აქ ძალიან მაღალი ნდობაა, თუმცა არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც სხვა რომელიმე ქვეყანაში ეს არ მომხდარა ერთბაშად, მათაც ჰქონდა პრობლემები და შესაძლოა ჩვენზე დიდი პრობლემებიც, მაგრამ რაღაცით დაიწყეს. ჩვენ რითაც ვიწყებთ, რომ ელექტრონული ხმის მთვლელი მანქანები გამოვიყენოთ და დაახლოებით ერთ საათში ან საათ ნახევარში უკვე ვიცოდეთ არჩევნების შედეგები, ეს რეალურად არჩევნების მიმართ ძალიან მაღალ ნდობას გააჩენს საზოგადოებაში. არჩევნების დღის ამგვარად მოწესრიგება, რა თქმა უნდა, მთელი საარჩევნო პროცესების მოწესრიგებას ვერ უზრუნველყოფს, რადგან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური წინასაარჩევნო პერიოდია, როდესაც ამომრჩეველზე ხდება ზეწოლა, მათი ნაწილის მოსყიდვა და ა.შ. ეს პრობლემები ყველასთვის ცნობილია, ამ ყველაფერს საარჩევნო ხმის მთვლელი მანქანები ვერ დაარეგულირებს, მაგრამ, სულ მცირე, არჩევნების დღეს გახდის გამჭვირვალეს და ამ დღის მიმართ პრეტენზიები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ჩემი აქ ყოფნის მიზანია, დავაკვირდე ამ პროცესებს, გავიზიარო ამათი გამოცდილება და შემდეგ საქართველოს პარლამენტში მაქსიმუმი გავაკეთო იმისთვის, რომ შემდგომი არჩევნები დაკავშირებული იყოს სიმშვიდესთან და ერთ დღეს ისეთ ქვეყანაში გავიღვიძოთ, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს მიულოცავს და არა ქუჩაში აქციებს გამართავს” – აცხადებს დეპუტატი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით იმყოფება. ვიზიტის მთავარი მიზანი საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება და გამოცდილების გაზიარებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები