ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე შემოწმებისა და მონიტორინგის სიხშირე კიდევ უფრო გაიზრდება

მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან დაკავშირებით, შემოწმებისა და მონიტორინგის სიხშირე კიდევ უფრო გაიზრდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღსრულების ნაწილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტში „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ შედის გამკაცრება, რომელიც სხვადასხვა ტიპის სანქციებს ითვალისწინებს.

„სანქციები პირველ შემთხვევაზე გულისხმობს გაფრთხილებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაზე 5 000-დან 45 ათას ლარამდე დაჯარიმებას, როგორც საცალო ქსელში მყოფი აფთიაქების, ასევე, დისტრიბუტორების და საბითუმოდ მოვაჭრეების. ეს რადგან ისეთი რეგულაციაა, რომელიც ყველამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია სანქციების ნაწილიც და შემოწმებების, მონიტორინგის ის სიხშირეც, რაც დაგეგმილი გვაქვს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ. დღესაც საკმაოდ აქტიურად მიდის, მაგრამ ამის შემოტანის შემდგომ, ამ ნაწილშიც გავაკონტროლებთ. ასევე, აფთიაქებს დისტანციურად ექნებათ ინფორმაციის ონლაინრეჟიმში მოწოდების ვალდებულება. ჩვენ დავინახავთ მათ ბაზებს, თუ რა ფასად ყიდიან, რაც გაცილებით გაგვიმარტივებს აღსრულების ნაწილს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლიდან მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი თავდაპირველად ქრონიკული დაავადებების პრეპარატებზე დაწესდება და სხვა მედიკამენტებზე ეტაპობრივად გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები