“ის, რაც დევიდ ლიმ “ტვიტერის” გვერდზე დაწერა, თავისუფლად შეიძლება, ამ წლის მთავარ სკანდალად ჩაითვალოს” – გიორგი ცუცქირიძე
ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე “ევროპული ბიზნესასოციაციის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებას ეხმაურება.
“ის, რაც “ევროპის ბიზნესასოციაციის” ყოფილმა დირექტორმა ბატონმა, დევიდ ლიმ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, თავისუფლად შეიძლება, ჩაითვალოს ამ წლის მთავარ სკანდალად. ბატონი ლი ჩვენთვის კარგად ნაცნობ კუბილიუსს ბრალდებას უყენებს ზეწოლაში, ბატონ ჰარცელთან ერთად.
მისი განცხადებიდან ვიგებთ, რომ ანდრიუს კუბილიუსმა წერილი კარლ ჰარცელს მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას არ ეთანამშრომლა “ევროპის ბიზნესასოციაციასთან” ბატონი დევიდის პოლიტიკური განცხადებების გამო, მაგრამ რაც არანაკლებ საინტერესოა, თავად ევროკავშირის ელჩი იბარებს დევიდს და, ფაქტობრივად, ულტიმატუმს უყენებს, რომ ის აღარ ითანამშრომლებდა “ევროპის ბიზნესასოციაციასთან”, თუ იგი არ გადადგებოდა დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან, რაც გახდა კიდეც დევიდ ლის გადადგომის მიზეზი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დევიდ ლი მწვავედ აკრიტიკებდა, ზოგ შემთხვევაში კი ღიად ამხელდა ქართული ოპოზიციის ნაწილის (აქ პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან აფილირებული პოლიტელიტა იგულისხმება), აშკარად დესტრუქციულ ქმედებებს, დღეს უკვე ღიად იკითხება იმ კამპანიის მიზანიც, რომელიც ხელების გადაგრეხის ტაქტიკით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ევროპელი დეპუტატთა ნაწილის მხრიდან ხორციელდება და რომლის მთავარი ამოცანაც ხელისუფლების ცვლილებაა.
ამ პოლიტიკის შემადგენელი იყო ჯერ ევროკავშირის კანდიდატის წევრობის დაბლოკვა, ქართულ ოპოზიციასთან უნისონში, დიდწილად გამოგონილი ბრალდებებით, ხოლო თუნდაც ამ დღეებში დაწესებული 12 პუნქტის შესრულებაზე მათივე შეფასებები, განსაკუთრებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიმართ, უკვე აშკარად წარმოაჩენს საბოლოო მიზანსაც.
უნდათ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აიძულონ, მისთვის წამგებიან დათმობებზე წავიდეს, რასაც ხელისუფლების ცვლილებები უკვე უახლოესი არჩევნებით მოჰყვება ან წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს, რასაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის ახალი ტალღა და ხელისუფლების ცვლილება უკვე რევოლუციური სცენარით უნდა მოჰყვეს.
“ქართული ოცნება” დღეს რეალურად ამ გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, ყველაფერს მაინც ხალხის მზაობა გადაწყვეტს. ქართულმა საზოგადოებამ ვფიქრობ, ამ წლებში კარგად გადააფასა წარსულის გაკვეთილები, პოლიტიკურადაც გაიზარდა და ამ ახალ სატყუარასაც არ წამოეგება.
მხოლოდ საგარეო მოთხოვნასა და საკუთარი მოსახლეობის ინტერესების უარყოფაზე ორიენტირებული ოპოფლანგის განულებული რეიტინგები კი IRI -ის ბოლო კვლევამაც კარგად აჩვენა”, – წერს ცუცქირიძე.
ცნობისთვის, “ევროპული ბიზნესასოციაციის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი – დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.