გია ვოლსკი: არ არსებობს ადამიანი, ვინც უარყოფს, რომ სტაბილურობა ჯობს დესტაბილიზაციას, თუმცა, სხვა შეხედულება აქვთ ამასთან დაკავშირებით კუბილიუსსა და კარლ ჰარცელს
“არ არსებობს ადამიანი, ვინც უარყოფს, რომ სტაბილურობა ჯობს დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას, თუმცა, სხვა შეხედულება აქვთ ამასთან დაკავშირებით კუბილიუსსა და კარლ ჰარცელს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებას გამოეხმაურა.
„დევიდ ლი არის ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბიზნესურთიერთობების განვითარებას. დევიდ ლი არის ამავე დროს ადამიანი, რომელსაც თავისი მოსაზრებები გააჩნია იმ რადიკალიზმებთან მიმართებით, რომელიც ხელს უშლიდა ბიზნესის განვითარებას და სტაბილურობას უპირისპირდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ სწორი პოზიცია, ჩვენი აზრით. არ არსებობს ადამიანი, ვინც უარყოფს, რომ სტაბილურობა ჯობია დესტაბილიზაციას და რევოლუციური პროცესების განვითარებას. სხვა შეხედულება აქვს ამასთან დაკავშირებით კუბილიუსს, სხვა შეხედულება ჰქონდა კარლ ჰარცელს, დაიბარეს დევიდ ლი და მოხსნეს სამსახურიდან. ეს არის რეალობა და ის ნაწილი, რომელიც არ მოგვწონს, დასაგმობია, გინდაც ევროკავშირის წარმომადგენელი იყოს ამის ამის ავტორი და გინდ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ევროპული ბიზნესასოციაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.