აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნებია
აშშ-ში დღეს, 8 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება, რომლის შედეგმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად იმოქმედოს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაში ძალთა ბალანსზე.
ამომრჩევლებს მოუწევთ წარმომადგენელთა პალატის სრული და სენატის წევრების, დაახლოებით, მესამედის არჩევა. ასეთ არჩევნებს ,,შუალედურს,, უწოდებენ, რადგან ისინი მოქმედი პრეზიდენტის ვადის შუა პერიოდში ტარდება.
დღეს ამერიკელ ამომრჩეველს მოუწევს წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრის; სენატის მხოლოდ 35 ახალი წევრის არჩევა (სენატი 100 ადგილისგან შედგება, ყველა შტატს ჰყავს ორი სენატორი); ასევე, 36 შტატის გუბერნატორის და აშშ-ის ტერიტორიის 3 გუბერნატორის; ქალაქების მერების და ადგილობრივი მაღალჩინოსნების არჩევა.
ჯო ბაიდენი ბოლო ორი წლის განმავლობაში კონგრესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობდა: წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატიული პარტიას ეკუთვნოდა, ხოლო სენატში, სადაც ხმები ნაწილდებოდა ზუსტად 50/50-ით, სადავო კენჭისყრის დროს, ბოლო სიტყვა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს ეკუთვნოდა.
ახლა კი, შუალედურმა არჩევნებმა პრეზიდენტის კურსისადმი კონგრესის მხარდაჭერა შესაძლოა, შეასუსტოს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შუალედური არჩევნების შედეგად მოქმედი პრეზიდენტის პარტია წარმომადგენელთა პალატაში, საშუალოდ 29 ადგილს კარგავდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობა, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, 2002 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ, დამატებითი რვა ადგილი მოიპოვა.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ