WSJ: ბაიდენის მრჩეველმა ბირთვულ საფრთხეებზე კონფიდენციალური მოლაპარაკებები პუტინის თანაშემწეებთან გამართა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი, ჯეიკ სალივანი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეებთან ბოლო თვეების განმავლობაში კონფიდენციალურ საუბრებს აწარმოებდა.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინის გამო უფრო ფართო კონფლიქტის რისკის შესამცირებლად და მოსკოვის მიერ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენებისგან გაფრთხილების მიზნით მიმდინარეობდა.

სალივანი კონტაქტში იყო პუტინის საგარეო პოლიტიკის მრჩეველთან, იური უშაკოვთან, ასევე, რუსეთის მთავრობაში მის უშუალო კოლეგასთან – ნიკოლაი პატრუშევთან.

თეთრ სახლს, ჯერჯერობით, მსგავსი საუბრები არ დაუდასტურებია.

აშშ-ის რამდენიმე ოფიციალური პირი ამბობს, რომ სალივანი ადმინისტრაციაში ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელიც რუსეთთან კომუნიკაციის დამყარების მომხრეა, თუმცა,  მაღალი რანგის სხვა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამჟამინდელ დიპლომატიურ და სამხედრო გარემოებაში მოლაპარაკებები ნაყოფიერი ვერ იქნება.

გასულ კვირას, კიევში ვიზიტის დროს სალივანმა თქვა, რომ მოსკოვი მიუღებელ მოლოდინებს აყალიბებს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებაზე სხვა სახელმწიფოებს იწვევს.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ოფიციალური პირის თქმით, მიუღებელია ის პირობები, რომლითაც რუსები არიან მზად დიალოგისთვის, რადგან, რეალურად, ყველა საუბარი უკრაინის სრული დეოკუპაციით უნდა დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები