NYT: რუსეთი კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევას უკრაინის თემის გამოყენებით ცდილობს
რუსეთმა “ბოტ ფერმები” კვლავ გაააქტიურა და ამ გზით კონგრესში შუალედური არჩევნების შედეგებში ჩარევას ცდილობს.
The New York Times-ი წერს, რომ სოციალურ ქსელებში გააქტიურებული პოსტები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და სხვა ცნობილი დემოკრატების “გაშავებისკენ” არის მიმართული, ხშირ შემთხვევაში, მიუღებელი ფორმებითაც.
ასევე, “ბოტები” “შეწუხებულნი” არიან რუსული აგრესიის პირობებში უკრაინის მხარდასაჭერად გამოყოფილი მრავალმილიონიანი დახმარებით.
NYT აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია კონსერვატიული ამომრჩევლის აღშფოთების გამოწვევა, ასევე, ამერიკის საარჩევნო სისტემისადმი ნდობის შელახვა. გარდა ამისა, რუსეთის მიერ დაწყებული კამპანია მიზნად ისახავს უკრაინის მასიური სამხედრო დახმარების დისკრედიტაციასაც.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს სოციალური ქსელის უამრავი მომხმარებელი, რომელთა ანგარიშები ადრე გამოიყენებოდა საინფორმაციო სააგენტოს მიერ. Meta ამ „სააგენტოს“ რუსულ მედიაკამპანიებთან აკავშირებდა.
მას შემდეგ, რაც “მეტამ” ეს ქსელი დაშალა და მათთან დაკავშირებული ბევრი ანგარიში გაუქმდა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, აგვისტო – სექტემბერში ეს ანგარიშები კვლავ გააქტიურდა.
ბოტები მიზნად ისახავენ დემოკრატი კანდიდატების “გაშავებას” ყველაზე საკამათო შტატებში, მათ შორის, ოჰაიოში, არიზონასა და პენსილვანიაში – იმ იმედით, რომ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკური უმრავლესობა რუსეთის საომარ ძალისხმევაში დაეხმარება.
აშშ-ის კონგრესში შუალედური არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.