ზელენსკი: უკრაინა თავისუფალი იქნება – ხმელეთზეც და ზღვაზეც, ყველა ჩვენი საზღვარი აღდგება
უკრაინა თავისუფალი იქნება და აღდგება ყველა ჩვენი საზღვარი – როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქსა და უკრაინის ზოგიერთ მიმართულებაზე იმდენი ადამიანური რესურსი და საბრძოლო აღჭურვილობა დახარჯა, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში არ ჰქონია.
„ამ კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში – ბახმუტსა და სოლედარში. ჩვენ ვიკავებთ ჩვენს პოზიციებს. დონეცკის ოლქის ამ და ზოგიერთ სხვა მიმართულებაზე რუსულმა არმიამ უკვე დახარჯა იმდენი ადამიანური რესურსი და საბრძოლო აღჭურვილობა, რამდენიც სავარაუდოდ, არ დაუხარჯავს ჩეჩნეთის ორ ომში ერთად. თუმცა, რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია.
ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის და სამართლიანობისთვის, რომლის ფორმულა არაერთხელ გვითქვამს. მსოფლიომ იცის ჩვენი პოზიცია. ეს არის გაეროს წესდების, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ხალხის პატივისცემა და სათანადო პასუხისმგებლობა ტერორზე – ეს არის სასჯელი ყველა დამნაშავისთვის და რუსეთის მხრიდან სრული კომპენსაცია ჩვენთვის მიყენებული ზიანისთვის.
უკრაინა თავისუფალი იქნება და აღდგება ყველა ჩვენი საზღვარი – როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. დიდება უკრაინას!“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.