თეირანი მოსკოვს დახმარებას სთხოვს
თეირანი ბირთვული მასალების შესაძენად და ბირთვული საწვავის წარმოებაში დახმარებისთვის მოსკოვს მიმართავს.
ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის დაზვერვაში წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ, ერთი მხრივ, აღნიშნული საწვავი შესაძლოა, დაეხმაროს ირანს მისი ბირთვული რეაქტორების მომარაგებაში და პოტენციურად კიდევ უფრო შეამციროს ის დრო, რომელიც თეირანს ბირთვულ იარაღამდე აშორებს.
მეორე მხრივ, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ რეაქტორში გამოსაყენებლად სჭირდება ირანს საწვავი.
ჯერჯერობით, უცნობია, დათანხმდა თუ არა რუსეთი დახმარებას. თუმცა, რუსეთსა და ირანს შორის პარტნიორობა ბოლო თვეებში ფართოვდება.
კერძოდ, ირანი აწვდის რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს და სხვა აღჭურვილობას უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. თავის მხრივ, მოსკოვი თეირანს რჩევას აძლევდა, თუ როგორ უნდა ჩაეხშო ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი.