FIFA მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს მოუწოდებს, ფეხბურთი პოლიტიკურ ბრძოლაში არ ჩართონ

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე 32 გუნდს მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ ყატარის ტურნირზე და არა – მორალზე ლექციებზე, ასევე, არ ჩაითრიონ ფეხბურთი იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ ბრძოლაში.

ამის შესახებ “ფიფა”-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოსა და ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ფატმა სამურას ერთობლივ წერილშია ნათქვამი, – იტყობინება ტელეარხი Sky Sports-ი.

“გთხოვთ, ყურადღება ფეხბურთზე გავამახვილოთ! ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთი არ ცხოვრობს ვაკუუმში და ჩვენც გვესმის, რომ მსოფლიოში პოლიტიკური ხასიათის ბევრი პრობლემა და სირთულეა. მაგრამ გთხოვთ, არ ჩაითრიოთ ფეხბურთი ყველა არსებულ იდეოლოგიურ ან პოლიტიკური ბრძოლაში. FIFA-ში ჩვენ ვცდილობთ, პატივი ვცეთ ყველა აზრს და რწმენას დანარჩენი სამყაროსთვის მორალის გაკვეთილების გარეშე“, – ნათქვამია წერილში.

“არცერთი ხალხი, არცერთი კულტურა ან ერი სხვაზე უკეთესი არ არის. ეს პრინციპია ურთიერთპატივისცემის ქვაკუთხედი და არა – დისკრიმინაცია. ეს ასევე ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ასე რომ, გთხოვთ, ყველას გვახსოვდეს ეს და მივცეთ საშუალება, რომ ფეხბურთმა ცენტრალური პოზიცია დაიკავოს”, – ნათქვამია წერილში.

აღნიშნულია, რომ ყატარის ჩემპიონატი მიესალმება ყველას “წარმოშობის, წარმომავლობის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ ეროვნების მიუხედავად“.

ყატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები