პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთს საექსპორტო კრედიტის დაფარვის ვადა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა 2010 წლის 24 დეკემბრის კანონს “ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო საექსპორტო კრედიტის 2034 წლამდე რესტრუქტურიზაციის შესახებ”.
ინფორმაცია რუსეთის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და განვითარებისთვის ორი მილიარდი რუბლის ოდენობის საექსპორტო კრედიტი რუსეთმა 2010 წლის 24 დეკემბერს გასცა და მხარეებს შორის ე.წ. მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა.
ვალის დაფარვის პერიოდად 2023 წელი განისაზღვრა, თუმცა, 2017 წელს ეს ვადა 2029 წლამდე გახანგრძლივდა, რადგან ამ წლის იანვარში ოკუპირებულმა აფხაზეთმა გეგმური გადახდა ვერ განახორციელა. ჩამოყალიბდა ვადაგადაცილებული დავალიანება 131,5 მილიონი რუბლის ოდენობით და რუსეთმა წლიური მაქსიმალური გადახდის თანხა 368 მილიონიდან 143 მილიონ რუბლამდე შეამცირა.
2017 წლის მარტისთვის ოკუპირებულ აფხაზეთს სესხის 556,8 მილიონი რუბლი ჰქონდა დაფარული. დანარჩენი დავალიანება 1,7 მილიარდ რუბლს შეადგენდა.
როგორც რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ განაცხადა, სესხის ხელშეკრულება უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ სესხის გაცემის საკითხი, „ეს არის პარტნიორებსა და მეზობლებთან ურთიერთობა”.