იაგო ხვიჩია: ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის, მარნეულის მოსახლეობის წინაშე
სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, “გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პანდემიისას სრულად ჩავარდა, როდესაც მთავრობას გატარებული შემზღუდველი ღონისძიებებისთვის მადლობას უხდიდა.
„ჩემი აზრით, ერთ-ერთი მაგალითი, რაც განსხვავებაა ჩემსა და წინა სახალხო დამცველს შორის ან ვთქვათ, მომავალ სახალხო დამცველს შორის ლ, არის კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მოვიდა, როგორც პანდემია, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ასე არის ეს „გაპრავებული“ – აბა, რა უნდა გვექნა, არაფერი ვიცოდით კორონას შესახებ და უნდა შემოგვეღო შეზღუდვები. ლოგიკა, რომ არაფერი ვიცოდით და ამ დროს, როცა არაფერი ვიცით, გამოსავალი გვგონია ადამიანის უფლების შეზღუდვა, უკვე არასწორია.
ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის, მარნეულის მოსახლეობის წინაშე. ვაკეში ადამიანები არ ჩაგვიკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეშიც იყო ვირუსი და აზრად არ მოგვსვლია ეს, მაგრამ ღვანკითი იქნებოდა, მარნეული, თუ არ ვცდები, ბორჯომი იყო კიდევ, იქ ჩვეულებრივად ვაკეთებდით ამას და ხმა არავის ამოუღია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.