თეა წულუკიანი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაციას დაესწრო

  13 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და უწყების თანამშრომლები.
„საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მიზნები და ამოცანები იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ გააცნო.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, პრემიერის ინიციატივა „სოლიდარობის ფონდის“ დაფუძნების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად ახალი მთავრობის პირობებში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისა სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით, არის სეგმენტი, რომელიც დამატებით დახმარებას საჭიროებს.
„ეს ემსახურება იმას, რომ სოლიდარობის იდეა დამკვიდრდეს საქართველოში და ყველამ გავაცნობიეროთ, განსაკუთრებით მათ, ვინც სახელმწიფოს ვემსახურებით, რომ სხვისი უბედურება ჩვენი უბედურებაც არის, სხვისი პრობლემა ჩვენი პრობლემაც არის. ამიტომაც მე მოვუწოდე ყველა თანამშრომელს, რომ ამ ფონდში გადაერიცხა თუნდაც ერთი ლარი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა უკვე გადარიცხეს 6000 ლარზე მეტი. იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი უწყების საჯარო მოხელეები „იქნებიან სამაგალითონი იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში სოლიდარობის კულტურა დამკვიდრდეს“.
ფონდის მიზანია, ფინანსური დახმარება გაუწიოს სოციალურად დაუცველ, ან ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურების გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს. დღემდე ასეთი პაციენტების დასახმარებლად სახსრების მობილიზაციას არასამთავრობო ორგანიზაციები ან პაციენტის ოჯახები და მეგობრები ახორციელებდნენ; არ არსებობდა სისტემური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც თანხების სისტემატურად მობილიზაციას, ისე ყველა შესაძლო ბენეფიციარის დახმარებას და რესურსების გამჭვირვალე ადმინისტრირებას. „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით დაარსდა. პირველ ეტაპზე ის ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი, ბავშვების მკურნალობას აანაზღაურებს.
იუსტიციის სამინისტრო იმ სახელმწიფო უწყებათა შორისაა, რომლებმაც საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს. მისი თანამშრომლები საქველმოქმედო მიზნებისათვის თანხებს ყოველთვიურად გადარიცხავენ.
„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ 9 ივნისს დაფუძნდა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები