“თანამშრომლობის ახალი გვერდის გახსნას ველოდებით” – ზელენსკიმ ნეთანიაჰუს ისრაელის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარტია “ლიკუდის” ლიდერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ქნესეტის 25-ე არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ზელენსკიმ მილოცვა “ტვიტერში” ორ ენაზე – უკრაინულად და ინგლისურად დაწერა.
“ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ. ყოველთვის მნიშვნელოვანია ნამდვილი დემოკრატიის მოქმედებაში დანახვა. უკრაინასა და ისრაელს აქვთ საერთო ღირებულებები და გამოწვევები, რომლებიც ეფექტურ თანამშრომლობას საჭიროებს”, – წერს უკრაინის ლიდერი.
ზელენსკიმ ირიბად უსაყვედურა ისრაელის მთავრობის ამჟამინდელ მეთაურს, იაირ ლაპიდს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე უარის თქმის გამო და დაწერა, რომ “ველოდებით, ისრაელის ახალ მთავრობასთან ერთად თანამშრომლობაში ახალ გვერდს გავხსნით, ჩვენი მეგობარი ხალხების საკეთილდღეოდ!“.