რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება.
სამინისტროს ინფორმაციით, ავსტრიაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა პირველი შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგთან გამართა.

მაატიბე ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს, პენიტენციური სამსახურების მიმართულებით გამოცდილება და არსებული ცოდნა გაუზიარეს.

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. მან ავსტრიულ მხარეს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის „ციფრული უნივერსიტეტის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ზრდის მსჯავრდებულების განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა ავსტრიის რესპუბლიკასთან პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვის მიმართულებით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, განავითაროს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, საკნის გარე აქტივობები; პატიმართა დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამები.

შეხვედრაზე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე სწორება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს და ის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმაშიცაა ასახული.

იუსტიციის მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პენიტენციური და პრობაციის სისტემების მართვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროსთან შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპელ კოლეგებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მით უფრო, ევროპული პერსპექტივის მიღების შემდგომ.

შეხვედრაზე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობაზეც ისაუბრეს. საქართველოში 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პირველი მცირე ზომის დაწესებულება ლაითურში გაიხსნება. იუსტიციის მინისტრმა ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგი საქართველოში ლაითურის ციხის გახსნის ცერემონიალზეც მოიწვია.

ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, შევხვედროდი საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მის დელეგაციას, რათა გვესაუბრა საქართველოსა და ავსტრიის პენიტენციურ სისტემებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს. მე მჯერა, რომ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია და ამ შეხვედრით ორივე მხარე დიდად კმაყოფილი ვართ“,- განაცხადა კიონიგმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები