IAEA: უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული შემოწმების შედეგად, ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ გამოვლენილა

FILE PHOTO: The logo of the International Atomic Energy Agency (IAEA) is seen at their headquarters during a board of governors meeting, amid the coronavirus disease (COVID-19) outbreak in Vienna, Austria, June 7, 2021. REUTERS/Leonhard Foeger

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ინსპექტორების მიერ უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული საველე შემოწმების შედეგად, ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, მარიანო გროსი აცხადებს, აღნიშნული სამუშაოები უკრაინის მთავრობის მოთხოვნით განხორციელდა.

„უკრაინის მთავრობის მოთხოვნით, მე დაუყოვნებლივ გავაგზავნე ინსპექტორები სამ ლოკაციაზე, რათა დამოუკიდებლად ადგილზე გადაემოწმებინათ ფაქტები. ისინი რამდენიმე დღეში წავიდნენ და უკრაინაში არსებული რთული ვითარების ფონზე თავიანთი სამუშაოები განახორციელეს. ჩვენს მიერ მიღებულმა შედეგების ტექნიკურმა და მეცნიერულმა შეფასებამ არ გამოავლინა გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობებისა და მასალების რაიმე ნიშან-კვალი ამ სამ ლოკაციაზე. დამატებით, გარემოს სინჯის შედეგების შესახებ ჩვენ შეძლებისდაგვარად მალე მოგახსენებთ“, – აღნიშნა გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უკრაინაში ინსპექტორთა ჯგუფების გაგზავნა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა სამ ლოკაციაზე მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებით ბრალდებები გამოთქვა: კიევში მდებარე ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, ჟოლტი-ვოდებში მდებარე აღმოსავლეთის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატსა და დნიპროში მდებარე სამხრეთის მანქანათსამშენებლო ქარხანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები