Meduza: შვილის დაღუპვის შემდეგ, დუგინის გავლენა პუტინზე გაიზარდა
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ეპატიჟება კრემლში ფილოსოფოსებს და ისტორიკოსებს. უპირველეს ყოვლისა, საუბარია „რუსული სამყაროს“ იდეოლოგ ალექსანდრე დუგინზე, ალექსანდრე პროხანოვსა და ვარდან ბაღდასარიანზე.
როგორც Meduza რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და “ერთიანი რუსეთის” ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ეს ადამიანები კონკრეტულ საკითხებზე შეხვედრებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ატარებენ „პირად საუბრებს და შეხვედრებს იდეოლოგიურ საკითხებზე, კერძოდ, რა არის რუსეთის მიზანი და რა სურს მას”.
გარდა ამისა, კრემლმა დაიწყო კონსულტაციები “მართლმადიდებელ ოლიგარქთან”, ცარგრადის არხის დამფუძნებელთან – კონსტანტინე მალოფეევთან, რომელთანაც ადრე კრემლს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
წყაროები ამბობენ, რომ მალოფეევი, დუგინი, პროხანოვი და ბაღდასარიანი უნდა დაეხმარონ კრემლს “ახალი იდეოლოგიის რაღაც კონტურების მოძებნაში”. “იდეოლოგებს” ხვდებიან კრემლის პოლიტიკური ბლოკის ხელმძღვანელი, სერგეი კირიენკო და მისი უახლოესი თანამოაზრეები. ამ „საუბრების“ შემდეგ კი, „იდეოლოგების“ მიერ გაჟღერებული თეზისები თავად კირიენკოსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გამოსვლებში ისმის.
როგორც ერთ-ერთ წყარო უყვება “მედუზას”, “ახლა დუგინისა და პროხანოვის ლექსიკა პუტინის ბაგედან ისმის”.
ამავდროულად, წყაროები აღნიშნავენ, რომ დუგინი და პროხანოვი ადრეც თანამშრომლობდნენ კრემლთან, თუმცა, ბოლო წლებში ეს კონტაქტები არარეგულარული იყო.
“თუ ადრე დუგინის როლს მედია აზვიადებდა და მას “მთავარ იდეოლოგს” ან “პუტინის ტვინს” უწოდებდა, მისი ქალიშვილის, დარიას, დაღუპვის შემდეგ, პუტინი “სერიოზულად დაინტერესდა” მისი ფიგურით. უკვე სექტემბრის ბოლოს, მან პირველად, საჯარო გამოსვლაში გამოიყენა დუგინის საყვარელი მცნება – „ანგლოსაქსები“.
დარია დუგინას სიკვდილი, მათ შორის, პრეზიდენტს “სწორად მიაწოდეს” – ანუ, მტრები თავს ესხმიან ტრადიციული ღირებულებების მიმდევრებს, ანტიდასავლელებს.
ამასთან, თავად პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლები არ იზიარებენ ულტრაკონსერვატიულ იდეოლოგიას და ორი მიზეზის გამო მიმართავენ „მოაზროვნეებს“. ანუ საჭირო არიან ისინი, ვის შეხედულებებს იზიარებს პუტინი, ისევე – როგორც ისინი, ვინც თანახმაა თანამშრომლობაზე და ჯერ არ დაუტოვებია ქვეყანა.
არ არსებობს იდეოლოგები, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული, შინაგანად თანმიმდევრული პროექტის წარდგენა, რომელიც მოეწონებოდა სახელმწიფოს მეთაურს… ექსპერტები არსებობენ, შემსრულებლებიც არიან. მაგრამ არ არიან ზომიერი იდეოლოგები, თანაც – პრეზიდენტისთვის საჭირო ჭრილში. ამიტომ, ისინი მუშაობენ მემარჯვენე კონსერვატიულ იდეოლოგებთან. მათთან, ვინც არიან… ახლა ომია – საჭიროა ძლიერები“, – ამბობს “მედუზა”-ს წყარო.