ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის ფარგლებში, სოფელ წკერეში საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხადის ხეობაში ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.
პროექტის ფარგლებში, მაგისტრალის მშენებლობის პარალელურად, ხეობაში არსებულ სოფლებში კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაოც ხორციელდება.

მშენებლობის პროცესში, სოფელ წკერეში დაიწყო საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება. მიმდინარე წლის სექტემბერში, მობილიზაციისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად, კონტრაქტორმა წკერეში იქირავა საცხოვრებელი სახლი. სოფელი არ იყო უზრუნველყოფილი გამართული საკანალიზაციო სისტემით. სოფლის ნარჩენი წყლები, სადრენაჟე წყალთან ერთად, შუაში გამავალი არხის საშუალებით, პირდაპირი გზით ჩაედინებოდა მდინარე ხადისწყალში.
პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების თანახმად, აუცილებელი იყო ნარჩენი წყლების სათანადო მართვა და განკარგვა. შესაბამისად, კონტრაქტორმა კომპანიამ ნარჩენი და სადრენაჟე წყლები მოაქცია გოფრირებულ მილში და დაუკავშირა სოფლის ბოლოს აშენებულ სეპტიკურ ავზს. გარდა სეპტიკური ავზისა, დამატებით მოწყობილია 2 საკანალიზაციო ჭა, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენი წყლების ფილტრაციასა და გაწმენდას. ამ საკითხის მოგვარების პროცესში, წკერეს მოსახლეობამ, თხოვნით მიმართა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დახმარებოდა საკანალიზაციო და სადრენაჟე წყლების განცალკევებაში და, გარდა საკანალიზაციო არხისა, მოწყობილიყო სოფლის ცენტრალური სადრენაჟე არხიც. აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და დეტალური პროექტი მომზადების პროცესშია.

პროექტი საჯაროდ განიხილება და შეთანხმდება სოფლის მოსახლეობასთან. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორია აღდგება და მოხდება მისი რეკულტივაციაც. ქვეშეთი-კობის ახალი გზა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წელიწადში ჩაბარდება.
რეგიონში უპრეცედენტო სიდიდის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, პროექტის ფარგლებში შენდება ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები