გია ვოლსკი – გვარამიას საქმეზე: სალომე ზურაბიშვილმა, პირველ ყოვლისა, უნდა შეაფასოს დანაშაულის არსებობის საკითხი და საზოგადოებრივი განწყობებიც უნდა მიიღოს მხედველობაში
„სალომე ზურაბიშვილმა, პირველ ყოვლისა, უნდა შეაფასოს დანაშაულის არსებობის საკითხი და საზოგადოებრივი განწყობებიც უნდა მიიღოს მხედველობაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი, გადაწყვეტილებების მიღებისას ქვეყნის ინტერესებზე უნდა ფიქრობდეს.
“როცა დანაშაული არის ჩადენილი, არ შეიძლება, გარკვეული სტანდარტით იხელმძღვანელო, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მიერ არის შემოთავაზებული, თითქოს ეს ხელს უშლის საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ვერანაირად ვერ იქნება რადიკალური ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მისი შესაძლო გადაწყვეტილება ამნისტიის შესახებ, როგორც სიგნალი დეპოლარიზაციისთვის, პირიქით, ეს გაამყარებს დესტრუქციული ძალების პოზიციას და ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ფიქრობდეს ქვეყნის ინტერესებზე იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური კონიუნქტურაა შექმნილი ქვეყანაში, რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში”, – განაცხადა ვოლსკიმ.