სომხური მედია: ფაშინიანი და ალიევი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს თბილისში მოაწერენ
საქართველო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრისთვის ემზადება, ასევე, დოკუმენტის ხელმოწერისთვის, რომელიც „მშვიდობის ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს“.
ამის შესახებ სომხური გაზეთი – Hraparak წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„ამ დოკუმენტის ხელმოწერა ნიშნავს სომხეთის ოფიციალურ და საბოლოო უარს ყარაბაღზე. რეგიონის სომხურ ეთნიკურ მოსახლეობას სომხეთის მოქალაქეობა და დაფინანსება ჩამოერთმევა. სომხეთი მიიღებს მხოლოდ საქველმოქმედო და სოციალური ხასიათის პროექტების განხორციელების უფლებას“, – აცხადებენ გაზეთის წყაროები.
გაზეთი წერს, რომ ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ექნება არჩევანი – ან მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა და გააგრძელოს ცხოვრება თავის საცხოვრებელ ადგილზე, ან, როგორც სომხეთის მოქალაქეებმა, ყარაბაღი დატოვონ.
„აზერბაიჯანი ითხოვს იმ დასახლებებს, სადაც ადრე აზერბაიჯანელები 1992 წლამდე ცხოვრობდნენ. პირველ ყოვლისა, ეს ხოჯალს ეხება. ხოჯალის შესასვლელი ისეთივე სიმბოლური იქნება, როგორც – შუშაში ან ლაჩინში.
რაც შეეხება რუს სამშვიდობოებს, მას შემდეგ, რაც სომხეთის მოსახლეობის ნაწილი ტერიტორიას დატოვებს და დანარჩენი აზერბაიჯანის მოქალაქეობას მიიღებს, რეგიონში მათი ყოფნა სრულიად უაზრო გახდება. აზერბაიჯანი გამოაცხადებს, რომ ეს ადამიანები მისი ქვეყნის მოქალაქეები არიან და შეუძლია, დამოუკიდებლად უზრუნველყოს მათი უფლებები და უსაფრთხოება“, – წერს Hraparak