“მოლდოვის ნეიტრალური სტატუსი არ გვიცავს” – მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული, ქვეყნის ნეიტრალიტეტის სტატუსი მას არ იცავს, მაგრამ მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ხალხის ფართო მხარდაჭერით.
ამის შესახებ მან რუმინულ ტელეარხთნ – Digi24-თან ინტერვიუში თქვა.
“კონსტიტუციის შესაცვლელად პარლამენტში უმრავლესობა არ გვაქვს და, ზოგადად, კონსტიტუციაში ამ დებულების შესაცვლელად ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, დროის განმავლობაში მოლდოვის რესპუბლიკაში პოლიტიკური დისკურსი ამ ნეიტრალიტეტის მომხრე იყო, რომელიც, როგორც ვხედავთ, არ გვიცავს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების სერიოზული საფრთხე, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ამავდროულად, ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, გვინდა – გავაძლიეროთ დემოკრატია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მოქალაქეები. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რთულ პირობებშიც კი, მაგრამ გვჭირდება რუმინეთის მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, რომ გავაგრძელოთ მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – თქვა პოლიტიკოსმა.
ამასთან, სანდუ ამბობს, რომ მოლდოვა რუსეთის საფრთხის წინაშე “ძალინ დაუცველი რჩება”.
„მოლდოვას ნატო-ს სახით უსაფრთხოების ქოლგა არ გააჩნია და ერთ დღეში ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, მაშინაც კი, თუ ჩვენ არ გვაქვს ეს უსაფრთხოების ქოლგა, ჩვენ შეგვიძლია – ვიპოვოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტ ნდობასა და უსაფრთხოებას მისცემს. მოლდოვა კვლავ დაუცველია და ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეუერთდება დიდ ევროპულ ოჯახს, ჩვენ შევძლებთ, თავი დაცულად ვიგრძნოთ“, – თქვა სანდუმ.