“არჩევნების შედეგების უარყოფა ქაოსისკენ მიმართული გზაა და ეს ამერიკული გზა არ არის” – ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუალედური არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ამომრჩევლებს მიმართა. ბაიდენი სიტყვით დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ღონისძიებაზე გამოვიდა, რომელიც კაპიტოლიუმთან ახლოს მდებარე, იუნიონ-სთეიშენის რკინიგზის სადგურზე გაიმართა.
ბაიდენის თქმით, “ზოგიერთი რესპუბლიკელი პოლიტიკოსის მუქარა, რომ წაგების შემთხვევაში არჩევნების შედეგების არ აღიარებს, არის გზა ქაოსისაკენ”. ბაიდენმა მოუწოდა ამომრჩევლებს, არ მისცენ ხმა ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ არჩევნების შედეგებს.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ 8 ნოემბრის შუალედური არჩევნები 2021 წლის იანვარში მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობის შტურმის შემდეგ პირველად გაიმართება.
„ვისურვებდი, მეთქვა, რომ ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმა იმავე დღეს დასრულდა, მაგრამ ასე ვერ ვიტყვი”, – თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ “ამერიკელები პოლიტიკურ ძალადობასა და ამომრჩეველთა დაშინებას“ უნდა აღუდგნენ წინ.
აშშ-ის პრეზიდენტმა წინამორბედი დაადანაშაულა იმაში, რომ მან ამერიკაში დემოკრატია საფრთხეში ჩააყენა, როდესაც 2020 წლის არჩევნების შედეგების მიღებაზე თქვა უარი.
ბაიდენმა ამომრჩევლებს მოუწოდა, “ხანგრძლივად და სერიოზულად იფიქრონ იმ მომენტზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით”.
”მე დღეს აქ ვდგავარ და ვხედავ კანდიდატებს, რომლებიც იბრძვიან ამერიკის ყველა დონის მთავრობისთვის – გუბერნატორობისთვის, კონგრესმენობისთვის, გენერალური პროკურორობისა და სახელმწიფო მდივნობისთვის და უარს ამბობენ იმ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომელშიც მონაწილეობენ. ეს არის გზა ქაოსისკენ. ეს უპრეცედენტოა. ეს უკანონოა და ეს ამერიკული არ არის”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.