მედიის ცნობით, ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო კრების დელეგაცია ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარის არტიომ ტუროვის ხელმძღვანელობით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი კლიშევიჩი, კომისიის წევრები – დიმიტრი ბასკოვი, ოლგა პეტრაშოვა, ანტონ ტკაჩევი და საპარლამენტო ასამბლეის აღმასრულებელი მდივანი სერგეი სტრელჩენკო. სოხუმში ე.წ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საპარლამენტო კრების წარმომადგენლების შეხვედრა აფხაზეთის „რესპუბლიკის“ დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან.
დეპუტატებმა მადლობა გადაუხადეს „პრეზიდენტს“ მიღებისთვის და აღნიშნეს აფხაზეთის „რესპუბლიკასთან“ ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა ჰუმანიტარულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში და გამოთქვეს რწმენა, რომ საერთო ღირებულებებით, კულტურითა და რწმენით გაერთიანებულ ხალხებს შეეძლებათ ერთობლივი რეაგირება იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ისაუბრა საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე და გამოთქვა რწმენა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა გააძლიერებს მეგობრობას აფხაზეთის, რუსეთისა და ბელარუსის ხალხს შორის.
ასევე გაიმართა მოკავშირე პარლამენტარების, სახალხო კრების – აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარე ლაშა აშუბას და სახალხო კრების დეპუტატების შეხვედრა.
საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა ისაუბრეს ბელარუსი-რუსეთის ურთიერთობების განვითარებაზე ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში. აღნიშნეს აფხაზეთის რესპუბლიკის პოტენციალი აღნიშნულ სფეროებში და გამოთქვეს მზადყოფნა, გააძლიერონ ძალისხმევა პრობლემის გადასაჭრელად.
ლაშა აშუბამ დაადასტურა შეხვედრის მნიშვნელობა, ისაუბრა აფხაზეთსა და რუსეთს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე. აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის წვლილი ბელარუსის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის განვითარებაში, მან დაადასტურა პოზიტიური დამოკიდებულება ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიმართ.