გიორგი ცუცქირიძე: 2022 წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, დაახლოებით, 10, 4 -10, 5 % , რაც უპრეცედენტოა
2022 წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, დაახლოებით – 10, 4- 10, 5 % , რაც უპრეცედენტოა, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძემ მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები შეაფასა.
„ვნახეთ, რომ სექტემბერში ეკონომიკური ზრდა ასევე ძალიან მაღალია – 8, 8 % გვაქვს. იანვარ-სექტემბერში ზრდა თითქმის იდენტურია, საშუალო წლიური ზრდა ისეთივეა, რაც შარშან იყო, დაახლოებით, 10, 2 %. აქვე შეგვიძლია, პროგნოზი დავსვათ: თუ გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გავითვალისწინებთ, მათ შორის, ექსპორტის ზრდას, საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდას, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში, შეიძლება, ვთქვათ, რომ მიმდინარე, 2022 წლის ბოლოს ჩვენ ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 10, 4- 10, 5 % , რაც უპრეცედენტოა. ბოლო 2 წლის მანძილზე ასეთი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალი მაჩვენებელია არათუ რეგიონში, ასევე, ევროკავშირსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, ის დინიმიკა თუ შენარჩუნდა, რაც ბოლო 2 წელია გვაქვს, ჩვენ გაისადაც მაღალი ზრდა გვექნება, სავარაუდოდ 8, 5 % მაინც. 2022-2027 წლებში ვიცით, რომ საშუალო წლიური ზრდის სავალუტო ფონდის პროგნოზი 5, 6 % -ია, რაც ყველაზე მაღალია რეგიონშიც, ევროპაშიც და ცენტრალურ აზიაშიც. ხაზს ვუსვამ, სავალუტო ფონდის პროგნოზები, ძირითადად, კონსერვატორული, არაოპტიმისტურია ხოლმე. ჩვენ ვნახეთ, რომ, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს 1 სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 10 მილიარდ 500 მილიონზე მეტი გვექნება. ხოლო 2030 წელს ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარი იქნება, რაც უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსია. ესაა ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივის სავალუტო ფონდის პროგნოზი. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზები, ძირითადად, მაინც კონსერვატორულია, თუ ეკონომიკური ზრდის ეს დინამიკა შევინარჩუნეთ, რაც თუნდაც ბოლო 2 წლის განმავლობაშია, შეიძლება, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის თვალსაზრისით უფრო მაღალ ნიშნულზეც გავიდეთ , უკვე 2027 წელს ჩვენ შეიძლება არათუ 10 მილიარდ 500 მილიონი, არამედ 12 მილიარდზე ზემოთაც კი გვქონდეს, რაც დღეს ევროპის ცალკეული ქვეყნების მაჩვენებელია.
ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრი მაღალი ეკონომიკური ზრდის საშუალებას იძლევა. ესაა მზარდი ექსპორტი, ექსპორტის დივერსიფიკაცია, ვხედავთ ლარის გაცვლითი კურსის როგორი სტაბილიზაციაა, ლარი დღესაც გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან ტურისტული სეზონი მაინც მინავლებულია და არის მოლოდინები, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლა შემცირდება. ესეც, ალბათ, იმით კომპენსირდება, რომ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება. პირველ ორ კვარტალში ძალიან კარგი, მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, გასულ წელთან შედარებით 4-ჯერაა გაზრდილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ წელსაც ზრდის მაღალი მაჩვენებლი გვექნება.
ასევე უნდა ვისაუბროთ ბიუჯეტის ძალიან კარგ მაჩვენებელზე. ვხედავთ, რომ დაკორექტირებულია ბიუჯეტი, ეკონომიკური ზრდის შედეგად გაზრდილია, შემოსავლები გაზრდილია, რამაც საშუალება მოგვცა, ბევრი პროგრამის, მათ შორის სოციალური თუ ინფრასტრუქტურულის, დაფინანსება მომხდარიყო“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.