ნიკა მელიას განცხადება, რომელიც ეკონომიკური ზრდის თემას ეხებოდა, წმინდა პოლიტიკური სპეკულაციაა, უფრო სწორად, რიცხვებით მანიპულაცია, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, როცა გრძელვადიან პერიოდზეა საუბარი, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სხვა პარამეტრებითაც უნდა იყოს გამაგრებული. მისი განმარტებით, ეს პარამეტრებია: უმუშევრობის, სიღარიბის დონის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ბიუჯეტის მაჩვენებლები.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გარკვეულწილად გამომწვევი განცხადება გააკეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 9 – წლიანი მმართველობისას ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა უფრო მაღალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 -წლიან პერიოდში. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 6, 2 % იყო და „ქართული ოცნების“ პირობებში 4, 1 %-ია. ბუნებრივია, ეს რიცხვებია. აქ მაინც წმინდა პოლიტიკური სპეკულაციაა, უფრო სწორად რიცხვებით მანიპულაცია იმიტომ, რომ, როცა გრძელვადიან პერიოდზეა საუბარი, მით უმეტეს, 9 -წლიანზე, ეკონომიკური ზრდა სხვა პარამეტრებითაც უნდა იყოს გამაგრებული. მაგალითად, როგორი იყო უმუშევრობის მაჩვენებელი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რომელიც ასევე ინვესტორების მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობას ასახავს, მნიშვნელოვანია, როგორი იყო სიღარიბის დონე, იზრდებოდა თუ მცირდებოდა, სავალუტო კურსი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი იყო ბიუჯეტი – გაზრდილი, თუ შემცირებული, ასევე, მნიშვნელოვანია ეროვნული შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე. მინდა, გითხრათ, რომ ეროვნული შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2020 წელთან შედარებით დღეს 61 %-ითაა გაზრდილი. მინდა, რამდენიმე პარამეტრზე გავამახვილო ყურადღება, რადგან რიცხვებით მანიპულაციაზეა საუბარი. დავიწყოთ ბიუჯეტით: ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით 2-ზე მეტადაა გაზრდილი, მისი ზრდა დაახლოებით 2, 4 -ჯერ მეტია; 8, 6 მილიარდი იყო, 2022 წელს 19, 6 მილიარდი ლარია. ესეც იმაზე მიუთითებს, რომ ეკონომიკა არა მხოლოდ საშუალო წლიურ მაჩვენებელში იზრდება, არამედ – სტატისტიკურ მაჩვენებელშიც, ანუ ფაქტობრივ მაჩვენებელში. ბიზნესის ბრუნვა ასევე სარეკორდოდაა გაზრდილი, დაახლოებითზ 3-ჯერ და მეტად, 42 მილიარდი ლარიდან 150 მილიარდ ლარამდე. ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელია. რაც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიც უმუშევრობაა. 2012 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 26, 7 % იყო, უმუშევრობა ძალიან მაღალი იყო. თუ ეკონომიკა იზრდებოდა, მაშინ დასაქმებაც უნდა გაზრდილიყო, მაგრამ პირიქით იყო. ხდებოდა ე.წ. პრივატიზაციის საკმაოდ არასასურველი მიმართულება, როცა სახელმწიფო საწარმოები იხურებოდა, ადამიანებს ალტერნატიულ სამუშაოს კი არავინ სთავაზობდა. მიგრაციაც მაშინ დაიწყო, საქართველოს ხალხი მასობრივად ტოვებდა. 2021 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი 20,6 %-ია. წელს ეს კიდევ უფრო შემცირებულია, პროცენტ-ნახევრითაა დაწეული. მნიშვნელოვანია ინვესტიციების მაჩვენებელი. მაგალითად, 2004-12 წლებში დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, 2013 – 21 წლებში კი 12, 7 მილიარდის. 2012 წელს სიღარიბის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო – 30 %, იმის გამო რომ უმუშევრობა გაიზარდა, 2021 წელს 17, 5 -ია. თუ 2022 წლის ტენდენციებს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ სიღარიბის მაჩვენებელიც 17, 5 -ზე ნაკლები იქნება. მნიშვნელოვანია ექსპორტი, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ასახავს. ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ დროს ადგილობრივი ბიზნესის და ექსპორტის მხარდასაჭერად ბევრი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია.
სად დგას დღეს ეკონომიკა და რამდენად პერსპექტიულია ეს წერტილი – აქედანაც უნდა შევაფასოთ ვითარება. მნიშვნელოვანია, ჩვენში ეკონომიური ზრდის დონე მომდევნო წლებში, როგორ აისახება ექსპორტის მაჩვენებელზე, უმუშევრობის დონეზე, სიღარიბის მაჩვენებელზე, როგორი იქნება ინვესტიციები. უნდა ვთქვათ რომ ყველაფერი პოზიტივისკენ, გაუმჯობესებისკენაა. კონსერვატორული პროგნოზითაც კი 2022- 27 წლებში რეგიონში, ევროპაშიც და ცენტრალურ აზიაშიც ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება – 5, 6 %. უფრო ოპტიმისტური შეფასება რომ ავიღოთ, უფრო მაღალიც გვექნება, სავარაუდოდ 7, – 7, 5 %. ესაა რეალობა.
უნდა ითქვას ისიც, რომ 2004 -2012 წლებში ეკონომიკის გაცილებით უკეთესი გლობალური კონიუნქტურა იყო. იმ პერიოდში ზრდა 6, 2 % კი გვქონდა , მაგრამ ეს მაჩვენებელი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო, აზერბაიჯანი, სომხეთი გვისწრებდა. ჩვენზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენნაირი ტიპის განვითარებად ქვეყნებს ჰქონდა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მანვე მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები შეაფასა.
„ვნახეთ, რომ სექტემბერში ეკონომიკური ზრდა ასევე ძალიან მაღალია – 8, 8 % გვაქვს. იანვარ-სეტემბერში ზრდა თითქმის იდენტურია, საშუალო წლიური ზრდა ისეთივეა, რაც შარშან იყო, დაახლოებით 10, 2 %. აქვე შეგვიძლია, პროგნოზი დავსვათ: თუ გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გავითვალისწინებთ, მათ შორის, ექსპორტის ზრდას, საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდას, რომელიც უფრო მაღალია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში, შეიძლება, ვთქვათ, რომ მიმდინარე, 2022 წლის ბოლოს ჩვენ ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, 10, 4- 10, 5 % , რაც უპრეცედენტოა. ბოლო 2 წლის მანძილზე ასეთი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალი მაჩვენებელია არათუ რეგიონში, ასევე, ევროკავშირსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია, ის დინიმაკა თუ შენარჩუნდა, რაც ბოლო 2 წელია – გვაქვს, ჩვენ გაისადაც მაღალი ზრდა გვექნება, სავარაუდოდ 8, 5 % მაინც.
2022-2027 წლებში ვიცით, რომ საშუალო წლიური ზრდის სავალუტო ფონდის პროგნოზი 5, 6 % -ია , რაც ყველაზე მაღალია რეგიონშიც, ევროპაშიც და ცენტრალურ აზიაშიც. ხაზს ვუსვამ, სავალუტო ფონდის პროგნოზები , ძირითადად, კონსერვატორული, არაოპტიმისტურია ხოლმე. ჩვენ ვნახეთ, რომ, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2027 წელს 1 სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 10 მილიარდ 500 მილიონზე მეტი გვექნება. ხოლო 2030 წელს ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარი იქნება, რაც უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების სტატუსია. ესაა ჩვენი ეკონომიკის პერსპექტივის სავალუტო ფონდის პროგნოზი. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზები, ძირითადად, მაინც კონსერვატორულია, თუ ეკონომიკური ზრდის ეს დინამიკა შევინარჩუნეთ, რაც თუნდაც ბოლო 2 წლის განმავლობაშია, შეიძლება, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის თვალსაზრისით უფრო მაღალ ნიშნულზეც გავიდეთ, უკვე 2027 წელს ჩვენ შეიძლება არათუ 10 მილიარდ 500 მილიონი, არამედ 12 მილიარდზე ზემოთაც კი გვქონდეს, რაც დღეს ევროპის ცალკეული ქვეყნების მაჩვენებელია.
ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრი მაღალი ეკონომიკური ზრდის საშუალებას იძლევა. ესაა მზარდი ექსპორტი, ექსპორტის დივერსიფიკაცია, ვხედავთ ლარის გაცვლითი კურსის როგორი სტაბილიზაციაა, ლარი დღესაც გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან ტურისტული სეზონი მაინც მინავლებულია და არის მოლოდინები, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლა შემცირდება. ესეც, ალბათ, იმით კომპენსირდება, რომ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ძალიან კარგი მაჩვენებელი გვექნება. პირველ ორ კვარტალში ძალიან კარგი, მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, გასულ წელთან შედარებით 4-ჯერაა გაზრდილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ წელსაც ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვექნება.
ასევე უნდა ვისაუბროთ ბიუჯეტის ძალიან კარგ მაჩვენებელზე. ვხედავთ, რომ დაკორექტირებულია ბიუჯეტი, ეკონომიკური ზრდის შედეგად გაზრდილია, შემოსავლები გაზრდილია, რამაც საშუალება მოგვცა, ბევრი პროგრამის, მათ შორის სოციალური თუ ინფრასტრუქტურულის, დაფინანსება მომხდარიყო“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.