“ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტები აშშ-ის პერსონალისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს” – აშშ-ის სარდლობა
ჩრდილოეთ კორეის მიერ დღეს გაშვებული რაკეტები აშშ-ის პერსონალისა და ტერიტორიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ამის შესახებ აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობის (USINDOPACOM) განცხადებაშია აღნიშნული.
„ჩვენთვის ცნობილია ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ. ვმართავთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტი არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს აშშ-ის პერსონალისთვის, ტერიტორიისთვის ან ჩვენი მოკავშირეებისთვის, რაკეტების გაშვება ხაზს უსვამს ჩრდილოეთ კორეის უგუნურობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეამ დღეს, სულ მცირე, 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც კიმ ჩენ ინის მმართველობის პირობებში ერთ დღეში გაშვებული რაკეტების ყველაზე დიდი რაოდენობაა.
სეულმა საპასუხოდ საერთაშორისო წყლებში “ჰაერი-მიწა” ტიპის სამი რაკეტა გაუშვა.
ასევე, ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროში განაცხადეს, რომ, უსაფრთხოების მიზნით, რამდენიმე საჰაერო მარშრუტი დახურეს.
რაკეტების გამოცდა ერთი დღის შემდეგ მოხდა, რაც ფხენიანი აშშ-ს დაემუქრა “ძლიერი მოქმედებებით”, თუ ის პარტნიორებთან, მათ შორის, სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნებს არ შეწყვეტს. აღნიშნული ფხენიანში ბირთვული იარაღის გამოყენების ფარულ საფრთხედ არის აღქმული.