“გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს!” – ნეთანიაჰუს პარტია ოქმების 62% დათვლის შემდეგაც ლიდერობს

პარტია “ლიკუდს”გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, – ამ სიტყვებით დაიწყო მომხრეებისადმი მიმართვა პარტიის ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, კენჭისყრის შედეგები მოწმობს ისრაელის მოქალაქეების სურვილს, იარონ „სხვა გზით”.

ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ შექმნის ეროვნულ მთავრობას, რომელიც ყველა მოქალაქეზე იზრუნებს.

პოლიტიკოსმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ხმა მისცა “ლიკუდს” და არ ახსენა პარტიები, რომლებიც შესაძლოა, კოალიციაში შევიდნენ.

ნეთანიაჰუს გამოსვლისას ისმოდა შეძახილები: „ბიბი – ისრაელის მეფეა!”, რაზეც ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის მეფე არ არის, რომ ის უნდა აირჩიონ და იქნება არჩეული ამომრჩევლის მიერ.

ისრაელში 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტია “ლიკუდი” ლიდერობს.

კერძოდ, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 62% და ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “ლიკუდი” – 23,72% (33 მანდატი)”, “ეშ შატიდი” – 17,95% (25 მანდატი), “რელიგიური სიონიზმი” – 10,47% (14 მანდატი), “შას”9,11 (12 მანდატი), “სახელმწიფო ბანაკი” – 9,10% (12 მანდატი), “თორას ებრაელობა” – 7,23% (10 მანდატი), ნდი – 4,46% (6 მანდატი), “ავოდა” – 3,6% (4 მანდატი), “ხადაშ-ტაალი” – 3,38% (4 მანდატი).

ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, ქნესეტში მოსახვედრად პარტიამ, სულ მცირე, 4 მანდატი უნდა მიიღოს, ანუ – 224 000 ხმა. თუ რომელიმე პარტია მოიპოვებს 4-ზე ნაკლებ მანდატს, მისთვის მიცემული ხმები იკარგება. გამომდინარე იქიდან, რომ ქნესეტში 120 ადგილია, დაკარგული ხმები რეალურად გამარჯვებულებს შორის გადანაწილდება.

კენჭისყრაში 49 პოლიტიკური მოძრაობა და პარტია მონაწილეობდა.

ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან კონსულტაციები დაიწყება. ის მოუსმენს ყველა პარტიის წარმომადგენელს და გადაწყვეტს, რომელ დეპუტატებს დაავალოს მთავრობის ფორმირება.

კანონის თანახმად, დეპუტატი, რომელიც მოახერხებს მთავრობის ფორმირებას და ქნესეტში მისი შემადგენლობის დამტკიცებას (ანუ მოიპოვებს 61 და მეტ ხმას), ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები