Welt: სერბეთს მოუწოდეს, არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის გააკეთოს

გერმანიის ფედერალური მთავრობა სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს მოუწოდებს, ჩამოყალიბდეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსზე – ევროკავშირში გაწევრიანება თუ რუსეთთან დაახლოება.

ამის შესახებ Welt-ი წერს.

გამოცემის ცნობით, გერმანიაში „გაკვირვებული და იმედგაცრუებულნი“ არიან იმით, რომ სერბეთმა რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ასეთი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინს, რომ ბლოკის კანდიდატებმა ასევე უნდა მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციები.

„გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა უფრო მძაფრდება გეოპოლიტიკური მოვლენების გამო”, – ციტირებს გამოცემა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს.

როგორც გაზეთი გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, თუ ვუჩიჩი ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერების კურსს აირჩევს, გერმანია მას მხარს დაუჭერს. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთობის გაგრძელება უკუშედეგს გამოიწვევს.

ცნობისთვის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად, სერბეთი რუსეთთან კონტაქტებს აგრძელებს. მაგალითად, სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ვულინმა განაცხადა, რომ რუსეთთან მეგობრობას ქვეყნისთვის „დიდი მნიშვნელობა აქვს“ და მის გარეშე არსებობს „სერბეთის ფიზიკური გაქრობის“ რისკი.

გარდა ამისა, სერბეთი არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ამავდროულად, სერბეთმა განაცხადა, რომ არ აღიარებს ფსევდორეფერენდუმების შედეგებს, რადგან “ეს სრულიად ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ინტერესებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები