მოლდოვა პლახოტნიუკის და ილან შორის წინააღმდეგ დაწესებულ, აშშ-ის სანქციებს შეუერთდა
მოლდოვა მკაცრად გააკონტროლებს იმ პირთა საქმიანობას, რომლებიც აშშ-ის სანქციების სიაშია შეყვანილი, მათ შორის, დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის, ვლადიმერ პლახოტნიუკის, გაქცეული დეპუტატის, ილან შორის და რუსი ბიზნესმენის, იგორ ჩაიკას საქმიანობას.
გადაწყვეტილება რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
გარდა ამისა, მოლდოვის კომპეტენტური ორგანოები ყურადღებით დააკვირდებიან იმ პირთა ქმედებებსა და ფინანსურ ოპერაციებს, რომლებიც ეჭვმიტანილია სანქციების ქვეშ მყოფ პირებთან კავშირში. ამ პირთა ჩამონათვალს შეადგენს და განაახლებს ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახური ფულის გათეთრების პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურთან, მოლდოვის ეროვნულ ბანკსა და ამ სფეროში კომპეტენტურ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით.
საგანგებო სიტუაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირთა ქმედებები და ოპერაციები, მათ შორის, დივიდენდების გადახდასთან, უძრავი ქონების, მოძრავი ქონების და ფასიანი ქაღალდების გასხვისებასთან დაკავშირებით, 5 სამუშაო დღის ვადით იქნება დაბლოკილი.
ამავდროულად, ფულის გათეთრების პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური 30 სამუშაო დღის ვადით, იღებს გადაწყვეტილებას საქონლის, მათ შორის ფინანსური აქტივების, იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალში ოპერაციების და მათზე უფლებების რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ.
26 ოქტომბერს აშშ-ის ელჩმა მოლდოვაში, კენტ დოილ ლოგსდონმა პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა, რომელზეც პლახოტნიუკის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შესახებ გამოაცხადა. ასევე, შეზღუდვები დაუწესდა “შორ”-ის პარტიის ლიდერის, ილან შორისა და მასთან დაკავშირებული შვიდი პირის წინააღმდეგ „სისტემური კორუფციისა და არჩევნებში ჩარევისთვის, რომელსაც მხარს კრემლი უჭერს”.