“აშშ ვერ ხედავს იმის ნიშანს, რომ რუსეთი მოლდოვაზე თავდასხმას გეგმავს” – ელჩი
მოლდოვაში აშშ-ის ელჩი, კენტ ლოგსდონმი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან შეერთებული შტატები რეგიონში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება და ამჟამად არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი შესაძლოა, მოლდოვას დაესხას თავს.
ამის შესახებ Newsmaker-ი წერს.
“ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი მოლდოვაზე თავდასხმას გეგმავს და ეს კარგია. ჩვენ ვიცით, რომ თქვენთვის ასევე მნიშვნელოვანია სანდო ძალის არსებობა, რომელსაც შეეძლება თქვენი დაცვა. მაგრამ ახლა არ არის იმის ნიშნები, რომ თქვენზე შესაძლოა, თავდასხმა მოხდეს. თუმცა, იმ შემთხვევისთვის, თუ ეს მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, მოლდოვამ მომზადებასა და სამხედროებზე იფიქროს”, – თქვა ლოგსდონმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია მოლდოვასთვის პარტნიორების მხარდაჭერა და ისინი ქვეყანას არმიის რეფორმირებაში ეხმარებიან.
რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, ლოგსდონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, განიხილოს მოლდოვის ხელისუფლების მოთხოვნები სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ, მაგრამ, ჯერჯერობით, ასეთი მსჯელობა არ გამართულა.