პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანი ირანში ჩავიდა, ალიევი კი – ალჟირში

სოჭში 31 ოქტომბერს რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირების სამიტის შემდეგ, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ირანში ჩავიდა, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი – ალჟირში.

ილჰამ ალიევი ალჟირში პრეზიდენტის მიწვევით ჩავიდა, სადაც 1-2 ნოემბერს არაბული სახელმწიფოების ლიგის სამიტის გაიმართება. სამიტზე არაბული ლიგის 22 წევრი სახელმწიფოს მეთაურის გარდა, აზერბაიჯანისა და სენეგალის პრეზიდენტები, ასევე, გაერო-ს და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) გენერალური მდივნები არიან მიწვეულნი.

ალჟირმა და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 22 აპრილს დაამყარეს, მანამდე, 1991 წლის 26 დეკემბერს ალჟირმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა აღიარა. 2016 წელს ამ ქვეყანაში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა, ხოლო 2019 წელს აზერბაიჯანში ალჟირის დიპლომატიური მისია განთავსდა.

მილი მეჯლისში (პარლამენტში) მოქმედებს აზერბაიჯანულ-ალჟირის საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფი, ხოლო ალჟირის პარლამენტში – ალჟირ-აზერბაიჯანის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფი.

ალჟირი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა, მეხუთე ეკონომიკაა კონტინენტზე. აზერბაიჯანში რეგისტრირებულია ხუთი ალჟირული კომპანია – მომსახურების, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში. 1995-2022 წლებში ალჟირმა აზერბაიჯანში $504,900 ინვესტიცია განახორციელა.

რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანს, ის ამ წუთებში ირანის პრეზიდენტს, იბრაჰიმ რაისის ხვდება.

სომხეთის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საადაბადის კულტურულ-ისტორიულ კომპლექსში გაიმართა.

მხარეები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ პრობლემებს.

ლიდერები ორმხრივ შეთანხმებებს მოაწერენ ხელს და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები