ისრაელში ქნესეტს ირჩევენ
ისრაელში დღეს 25-ე მოწვევის ქნესეტის (პარლამენტი) ვადამდელი არჩევნებია. წინა მოწვევის პარლამენტი 2021 წლის მარტში იყო არჩეული. ჯამურად, ბოლო სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე არჩევნებია, რაც დაკავშირებულია პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისთან, რომელიც გამოწვეულია რამდენიმე მცირე პარტიის მიერ ისრაელის ყველაზე დიდი პარტიის ბოიკოტით.
ხმის უფლებით ისრაელის, დაახლოებით, 6,8 მილიონი მოქალაქე სარგებლობს.
ქნესეტში მოსახვედრად პარტიამ, სულ მცირე, 4 მანდატი უნდა მიიღოს, ანუ – 224 000 ხმა. თუ რომელიმე პარტია მოიპოვებს 4-ზე ნაკლებ მანდატს, მისთვის მიცემული ხმები იკარგება. გამომდინარე იქიდან, რომ ქნესეტში 120 ადგილია, დაკარგული ხმები რეალურად გამარჯვებულებს შორის გადანაწილდება.
კენჭისყრაში 49 პოლიტიკური მოძრაობა და პარტია მონაწილეობს.
ქვეყნის პრემიერმინისტრი, იაირ ლაპიდი, რომელიც პარტია “იეშ ატიდს” წარმოადგენს, თელ-ავივში საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა, სადაც მამის საფლავიდან მივიდა. მისი თქმით, “მამაჩემს დავპირდი, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას გავაგრძელებთ”.
ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტთან, იცხაკ ჰერცოგთან კონსულტაციები დაიწყება. ის მოუსმენს ყველა პარტიის წარმომადგენელს და გადაწყვეტს, რომელ დეპუტატებს დაავალოს მთავრობის ფორმირება.
კანონის თანახმად, დეპუტატი, რომელიც მოახერხებს მთავრობის ფორმირებას და ქნესეტში მისი შემადგენლობის დამტკიცებას (ანუ მოიპოვებს 61 და მეტ ხმას), ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება.