ფხენიანი ვაშინგტონს აფრთხილებს
სამხედრო წვრთნები, რომლებსაც შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა კორეის ნახევარკუნძულზე ატარებენ, რეგიონში დაპირისპირების სერიოზულ ფაზაზე მიუთითებს, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“შეერთებული შტატებისა და მათი სატელიტების მიერ წელს ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების გამო, კორეის ნახევარკუნძული ცხელ წერტილად გადაიქცა, სადაც სამხედრო დაძაბულობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია და რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა კიდევ უფრო სერიოზული გახდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფხენიანში მიაჩნიათ, რომ ჩატარებული წვრთნებიდან ყველაზე “აგრესიული ხასიათის” მატარებელია Vigilant Storm-ი, რომელზეც შემუშავდება “კორეის ნახევარკუნძულზე ომის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის მიყენება”.
როგორც უწყებაში ამბობენ, წელს ჩატარებული მანევრები ადასტურებს, რომ ”ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ომის სცენარი საბოლოო ეტაპს მიუახლოვდა”.
ამასთან დაკავშირებით, ფხენიანი აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ მზად უნდა იყოს, “ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთვევაში, თანაბარი ფასი გადაიხადოს”.
უწყებაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა „ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს სუვერენიტეტის დასაცავად“ და მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს წვრთნები.
სამხედრო სწავლება Vigilant Storm-ი 31 ოქტომბერს დაიწყო და 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. ეს არის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის პირველი ფართომასშტაბიანი საჰაერო მანევრები, თითქმის ხუთი წლის განმავლობაში. მათში 240-ზე მეტი თვითმფრინავია ჩართული, მათ შორის, მოწინავე ამერიკული F-35A გამანადგურებლები.