ილჰამ ალიევი: ყარაბაღის კონფლიქტი ორი წლის წინ გადაწყდა – ახლა დროა ვისაუბროთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე
ორი წლის წინ ხელი მოეწერა სამმხრივ დეკლარაციას, რომელმაც ბოლო მოუღო გრძელვადიან კონფლიქტს. ახლა დროა ვისაუბროთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ ხუთი არსებითი პრინციპი წამოაყენა, რომელზეც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება უნდა იყოს დაფუძნებული.
„დღევანდელი შეხვედრა ჩვენს რეგიონულ საკითხებს ეძღვნება. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა იმ როლისთვის, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შეასრულეთ. ორი წლის წინ ხელი მოეწერა სამმხრივ დეკლარაციას, რომელმაც ბოლო მოუღო გრძელვადიან კონფლიქტს.
ახლა დროა ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს პირად როლს ამ საკითხში. დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ცოტა მოგვიანებით შედგება, არ იქნება ჩვენი პირველი შეხვედრა. ტქვენი ინიციატივით ასეთი შეხვედრები იმართებოდა და ვხედავ, რომ ძალიან კარგ ბიძგს აძლევდა ნორმალიზების პროცესს.
აზერბაიჯანმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა ხუთი არსებითი პრინციპი, რომელზეც უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არის ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპები და ვფიქრობ, მათ საფუძველზე შესაძლებელია ურთიერთობის ნორმალიზება. ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა, ის გადაწყდა ორი წლის წინ, ამიტომ ამ კონტექსტში განსახილველი არაფერია. ხოლო აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზაცია არის ფორმატი, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს მოითხოვს. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს აქტიურ როლს და რუსეთის როლს ამ მიზნების მიღწევაში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.