გიორგი ტყემალაძე: ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას ისევ ცდილობს
„დედაქალაქის მერის მორიგი ანგარიში საკრებულოში უახლოეს მომავალში გაიმართება. ამ ეტაპზე კი, როდესაც გამოძიება აქტიურ ფაზაშია, მერის საკრებულოში მოსვლა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე საკრებულოს ოპოზიციონერი კოლეგების მოთხოვნას, რომლებიც საკრებულოში თბილისის მერის, კახა კალაძის მისვლას ითხოვენ.
„ოპოზიცია ისევ ცდილობს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. უახლოეს მომავალში მერის მორიგი ანგარიშის წარდგენა გაიმართება და ის აუცილებლად მოვა საკრებულოში“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო, 18 ოქტომბერს კი 9 პირი დააკავა.