ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკითხი შეეხება ევროკომისიის 12-პუნქტრიანი გეგმის ერთ-ერთ ქვეპუნქტს, სადაც საუბარია ამ სამსახურების შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. მისი განმარტებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ფართოვდება ორი მიმართულებით.

„სამსახურს ექნება შესაძლებლობა, რომ მოიძიოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაული, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის ნებისმიერი მუხლის დარღვევის ფაქტს უკავშირდება. მეორე ცვლილების თანახმად, თუ საგამოძიებო სამსახური მისი კომპეტენციის ფარგლებში წარმართული გამოძიების დროს კონკრეტულ პირთან მიმართებაში გამოკვეთს კონკრეტულ მუხლებს: უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო დაკავება და ა.შ. უფლებამოსილი იქნება, რომ აღნიშნული მუხლებიც საგამოძიებო სამსახურმა გამოიძიოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, კანონპროექტით იზრდება თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები.
კანონპროექტი ფაქტობრივად სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„ასევე შემოდის წესი, რომლითაც განმტკიცდება ორივე სამსახურის ხელმძღვანელ პირსა და საქართველოს პარლამენტს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია. რეგლამენტში მკაფიოდ განისაზღვრება, რომ ორივე სამსახურის ხელმძღვანელის მოთხოვნისთანავე მათი წინადადებები პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების მიერ დაუყოვნებლივ იქნება მოსმენილი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კანონპროექტის ავტორია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები