აშშ-მა რუსეთს მოუწოდა დაუბრუნდეს „მარცვლეულის შესახებ შეთანხმებას“

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის საკითხს ეხმაურება და კრემლს მოუწოდებს – დაუბრუნდეს შეთანხმებას. აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.

შეერთებული შტატების სახელით მან სინანული გამოხატა რუსეთის გადაწყვეტილების გამო და გაიხსენა, რომ მსოფლიოს მრავალი ღარიბი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია შეთანხმების გაგრძელებაზე და წინა რამდენიმე თვეში უკვე დაშვებულია 9 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მოსავლის გატანა  ექსპორტზე, რამაც გლობალური ფასების შემცირება გამოიწვია.

„ინიციატივა წარმატებული იყო და უნდა გაგრძელდეს. რუსეთის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აფერხებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად საჭირო ექსპორტს, ფაქტობრივად არის განცხადება იმისა, რომ ერებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში უნდა გადაიხადონ მეტი საკვებისთვის ან იშიმშილონ. შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერებით, რუსეთი  საკვებს ომის იარაღად აქცევს, რომელიც თავად დაიწყო და ის პირდაპირ ურტყამს დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს და სურსათის გლობალურ ფასებს, ასევე აუარესებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ კრიზისს…

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, განაახლონ მონაწილეობა ინიციატივაში, სრულად შეასრულონ შეთანხმებები და იმუშაონ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს ჰქონდეს სარგებლის მიღების საშუალება, რომელიც აღნიშნულის შეთანხმების წყალობით გაჩნდა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები