დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ ისრაელი გადაიფიქრებს და უკრაინას იარაღით დაეხმარება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ისრაელის ყველაზე ბუნებრივი არჩევანია, როდესაც საქმე ეხება რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიან ომს.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კულებამ TSN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელთან დისკუსია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ რთულია, მაგრამ საბოლოოდ უკრაინა ისრაელს დაარწმუნებს, რადგან პროცესის ლოგიკა ისრაელს უბრალოდ სხვა ვარიანტს არ უტოვებს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ისრაელის პოლიტიკური მხარდაჭერა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გარკვეული ასპექტები – კერძოდ, სადაზვერვო მონაცემების გაცვლა – უკრაინის ინტერესებს შეესაბამება, თუმცა ქვეყნის პოზიცია საჰაერო თავდაცვის ტექნოლოგიების გადაცემის თაობაზე აბსოლუტურად ნეიტრალური და გაუგებარია.
„არ არსებობს უფრო ბუნებრივი არჩევანი ისრაელისთვის, ვიდრე სრულად და უპირობოდ მხარი დაუჭიროს უკრაინას ამ კონფლიქტში. ძალიან ბევრია სასწორზე, მათ შორის თავად ისრაელის რეპუტაცია“, – განაცხადა კულებამ.