“ჩემი დრო დადგა” – ვლად პლახოტნიუკი პოლიტიკაში დაბრუნდა
მოლდოვის “დემოკრატიული პარტიის” ყოფილი ლიდერი, ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი, რომელიც სკანდალურ “მილიარდების საქმის” ფიგურანტია და რომელთა წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები დააწესა, პოლიტიკაში ბრუნდება.
ამის შესახებ მან მოლდოვის პორტალ Tribuna-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„მე მივეცი შესაძლებლობა, გამოეჩინათ „უნარები“ კოალიცია ACUM-ს (პროევროპული ბლოკი, რომელშიც შედიოდა მაია სანდუს პარტია) PSRM-თან (მოლდოვის სოციალისტთა პარტია) და შემდეგ „ჰარვარდელებსაც”. მათ იმისთვის, რომ კარგი დრო დამდგარიყო, სამი წელი ჰქონდათ. თუ რაოდენ წარმატებულები არიან, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან ჩანს. ეს არის მიზეზი, რამაც მაიძულა, მიმეღო გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა ვაცხადებ. გადავწყვიტე, მოლდოვის პოლიტიკაში დავბრუნდე. მე ვარ პოლიტიკოსი, რომელმაც იცის, როგორ გადაჭრას კრიზისი და ჩემი დრო დადგა“, – განაცხადა მან.
პლაჰოტნიუკმა დასძინა, რომ აპირებს პოლიტიკაში იმდენ ხანს დარჩენას, “რამდენიც დასჭირდება კრიზისების დაძლევას და ქვეყნის ნორმალური, სტაბილური განვითარების გზაზე დაყენებას”.
მან თქვა, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ პროგნოზირებადი იყო “მაია სანდუს ისტერიკისა და უცხოური უწყებების წინაშე დაჟინებული მოქმედების შემდეგ”.
„ჩემი ადვოკატები გააანალიზებენ ამ სანქციების გასაჩივრების შესაძლებლობას, რათა დავამტკიცოთ, რომ მაია სანდუმ იცრუა პოლიტიკური ოპონენტის შეურაცხყოფის მიზნით, რომლის შიშიც მას დღემდე აქვს მიუხედავად იმისა, რომ მე ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებს ჩამოვშორდი”, – განაცხადა ოლიგარქმა.
ვლად პლახოტნიუკი მოლდოველი ოლიგარქია, რომელიც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. მათგან ყველაზე ცნობილია „მილიარდების საქმე“, როდესაც მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარი, ანუ მშპ-ს 10% ამოიღეს.
2019 წელს, აშშ-ის ზეწოლით, პლახოტნიუკი პოლიტიკური კრიზისის ესკალაციის ფონზე ქვეყნიდან გაიქცა. მან “დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რომელიც იმ დროისთვის მმართველი პარტია იყო.
26 ოქტომბერს აშშ-ის ელჩმა მოლდოვაში, კენტ დოილ ლოგსდონმა პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგი გამართა, რომელზეც პლახოტნიუკის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების შესახებ გამოაცხადა. ასევე, შეზღუდვები დაუწესდა “შორ”-ის პარტიის ლიდერის, ილან შორისა და მასთან დაკავშირებული შვიდი პირის წინააღმდეგ „სისტემური კორუფციისა და არჩევნებში ჩარევისთვის, რომელსაც მხარს კრემლი უჭერს”.